"ქართული მატყლი" ლეიბების ექსპორტზე გატანას გეგმავს
“ქართული მატყლის კომპანია” მზა ლეიბების ექსპორტზე გატანას გეგმავს. პროდუქტზე მოთხოვნაა საბერძნეთიდან, სადაც ლეიბების პირველი საცდელი პარტია დაახლოებით 2 კვირაში გაიგზავნება.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი ზაურ კულიევი განმარტავს, საექსპორტო ლეიბების ფასი 50 დოლარი იქნება.
„ვგეგმავთ ლეიბების ექსპორტზე გაშვებას. ამ ეტაპზე, მოთხოვნა გვაქვს საბერძნეთიდან. ვნახოთ როგორ მოეწონებათ მატყლის და შეკერვის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ბერძნული კომპანია ფილიალს გერმანიაშიც ფლობს, სადაც თავადვე უზრუნველყოფს ქართული მატყლის ლეიბების გატანს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 000 დოლარია.
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ქართველი მომხმარებლებისთვის ლეიბების შეძენა 1 კვირაში იქნება შესაძლებელი. შარშან ადგილობრივად 100 ტონამდე გაურეცხავი მატყლი გაიყიდა. წელსაც საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით გარეცხილი მატყლი, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს,“ – აღნიშნავს ზაურ კულიევი.
საწარმოო ფართი 1500 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მატყლს კომპანია თავადვე ასუფთავებს და ევროკავშირის დადგენილ სტანდარტებს უზრუნველყოფს, განვითარებული აქვს სადისტრიბუციო ქსელიც.