"ქართული ხიზილალას" გაყიდვები 20%-ით შემცირდა
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალას“ ხელმძღვანელი ალექსანდრე დადიანიძე „ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს ხიზილალის გაყიდვები დაახლოებით 20%-ით შემცირდა, მიზეზი მოსახლეობის მსყიდველუნარიაობის შემცირებაა.
დადიანიძის განმარტებით, საზოგადოება აქცენტს პირველადი საჭიროების მქონე პროდუქციაზე აკეთებს, ხიზილალა კი ამ კატეგორიაში ვერ ჯდება.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს და კომპანიის დამოკიდებულებას ამ ორ ბაზართან, დადიანიძე აცხადებს, რომ „ქართული ხიზილალა“ ამ ბაზრებთან არ პარტნიორობს.
„თევზისთვის საჭირო საკვები გერმანიიდან და ჰოლანდიიდან შემოგვაქვს, ევროპულ ბაზარზე ვართ ორიენტირებული,“ - აღნიშნავს დადიანიძე.
როგორც „ქართული ხიზილალის“ დამფუძნებელი განმარტავს, კომპანია ამ ეტაპზე ორაგულის ხიზილალას აწარმოებს. კილოგრამი ორაგულის ხიზილალის ფასი 150 ლარია.
ამ ეტაპზე კომპანია წელიწადში 100 ტონაზე მეტ კალმახს, ორაგულს და ზუთხს აწარმოებს. ხიზილალის წარმოების წარმადობა კი წელიწადში 2 ტონას შეადგენს.