ბიზნესი
18/06/2021

ქართული ხიზილალა: სავაჭრო ქსელებს კაბალური პირობები აქვთ, მათთან თანამშრომლობა არ გვიღირს

თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ მსხვილ სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე დადიანიძე აცხადებს, ქსელებს  კაბალური პირობები აქვთ და მათთან თანამშრომლობა არ ღირს.

„ჯერ შეტანაა რთული და შემდეგ ფულის ამოღება, ამიტომ მაგათთან ურთიერთობა არ ღირს. ბევრ ქსელში ვიყავით, ახლა კი პროდუქცია არსად შეგვაქვს და რეალიზაციას ადგილზე ვახდენთ. შემოდგომისთვის ონლაინ მიწოდების სერვისიც გვექნება,“ - აცხადებს დადიანიძე.   

კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“.

როგორც დადიანიძე აცხადებს, კომპანიას პანდემიიდან გამომდინარე გაყიდვები დაახლოებით 20%-ით შეუმცირდა. მისი განცხადებით, კარალეთში მდებარე რესტორანს უცხოელი ტურისტებიც სტუმრობდნენ, ტურიზმის დაპაუზება კი კომპანიის შემოსავლებზე პირდაპირპროპორციულად აისახა.

პანდემიიდან გამომდინარე, კომპანიას საინვესტიციო გეგმებიც დაუპაუზდა, მათ შორის იყო, რესტორნის გაფართოების პროექტი, რომელშიც “ქართული ხიზილალა“ დაახლოებით 80 000 დოლარის ინვესტიციიის განხორციელებას გეგმავდა. დადიანიძე აცხადებს, რომ გაფართოების პროექტმა სავარაუდოდ 1 წლით გადაიწია.

როგორც „ქართული ხიზილალის“ დამფუძნებელი განმარტავს, კომპანია ამ ეტაპზე ორაგულის და ზუთხის ხიზილალას აწარმოებს. კილოგრამი ორაგულის ხიზილალის ფასი 175 ლარია, ზუთხის - 2 400 ლარი.

„პროდუქციას თავისი მყიდველი ჰყავს. ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 12-15 წელი ველოდებოდით ზუთხის ხიზილალის მიღებას/წარმოებას, აქედან გამომდინარე, ინვესტიციაც არ იქნება ცოტა ჩადებული. ევროპის ბაზარზე ბევრად ძვირია ზუთხის ხიზილალა. ფასი 1000 ევროდან იწყება,“ - აცხადებს დადიანიძე.

ამ ეტაპზე კომპანია წელიწადში 100  ტონაზე მეტ კალმახს, ორაგულს და ზუთხს  აწარმოებს. ხიზილალის წარმოების წარმადობა კი წელიწადში 2 ტონას შეადგენს.