ბიზნესი
05/07/2021

ქართული ღვინო “ჟუჟუნა“ ჩინეთის ბაზარზეც იყიდება

პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინო “ჟუჟუნა“ ჩინეთში ექსპორტზე გავიდა.როგორც კომპანიის თანამდამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,საუბარია მცირე,სატესტო პარტიაზე, რომელიც შანხაიში გაიყიდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იაპონიის მიმართულებითაც.

როგორც ჩუბინიძე აცხადებს, კომპანია ქართული პროდუქტის გატანას ევროპის ქვეყნებშიც გეგმავს.

„როგორც ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს, პანდემიამ თავისი კვალი დაატყო "ჟუჟუნასაც". განსაკუთრებით, ფინანსური მიმართულებით. თუმცა, მიუხედავად ახალი გამოწვევებისა, მოვიძიეთ სახსრები და პანდემიასთან ადაპტირების პროიცესი, ბრენდის გასავითარებლადაც გამოვიყენეთ. ჟუჟუნა ღვინო უკვე გაყიდვების საცალო ბაზარზე, ბოთლის შეფუთვითაც ხელმისაწვდომია. დამატებით, როგორც ხედავთ, მოვახერხეთ საექსპორტო მიმართულებითაც გააქტიურება“ - აცხადებს “ჟუჟუნა ღვინოს“ თანადამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე.

მისი ინფორმაცით, ღვინო კახეთში ადრეულ რთველზე დაკრეფილი მწვანესა და რქაწითელისგან მზადდება, მეორადი ფერმენტაციის შედეგად კი ის ბუნებრივი გაზი მიიღება, რომელიც სასმელს ასეთ მსუბუქსა და სასიამოვნო დასალევს ხდის. ჩუბინიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ „ჟუჟუნა” გამორჩეული პროდუქტია, ის უკვე სხვადასხვა კოქტეილების მოსამზადებლად ერთი-ერთი ძირითადი ინგრედიენტია. მაგალითად, აპეროლ-შპრიცის, მიმოზის, კენკროვანების,  ანანასის, მარწყვის, ატმისა თუ სხვა ხილისგან დამზადებული სასმელების.

ჩუბინიძის განცხადებით, „ჟუჟუნა ღვინო“ დღეს იყიდება როგორც ჩამოსახმელი სახით, ასევე მინის 250 მლნ-იან ბოთლებშიც. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე  წარმოდგენილია ისეთ სავაჭრო ქსელებში, როგორიცააა „გუდვილი“, „ალკორიუმი“, „ევროპროდუქტი“ და ა.შ. აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა HoReCa სექტორის მიმართულებითაც.

„ჟუჟუნა ღვინოს“ თანადამფუძნებელი კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კომპანია წარმადობის გაზრდასაც გეგმავს.

„ჟუჟუნა“  საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდანაა.წარმოებისთვის საჭირო ყურძენს კომპანია ყვარელში, ადგილობრივი მევენახისგან ყიდულობს და საბოლოო პროდუქტს გამოჩენილი მეღვინის, გოგი დაქიშვილის, დახმარებითა და კურატორობით ამზადებს.