ბიზნესი
20/12/2022

ქართულ ხის სათამაშოებს, რომლებიც 3 საუკუნეს უძლებს, გერმანია ყიდულობს და შემდეგ, ევროპის სხვა ქვეყნებშიც ყიდის

საქართველოში წარმოებული ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები უკვე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება. პროდუქტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია საქართველოშიც. ყოველდღიურად იზრდება იმ სტარტაპების, სოციალური საწარმოების, თუ კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ.

ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, რომლებიც სულ მცირე 3 საუკუნეს უძლებს და სხვადასხვა თაობის ხელში გადადის, თავისი ბუნებით, თვისებებითა და ენერგეტიკით, ბავშვებს მსოფლიოს ყველა წერტილში იზიდავს. ასეთია ექსპერტების მოსაზრება და ამ მოსაზრებას იზეარებენ ხის სათამაშოების ქართველი მწარმოებლებიც. ადგილობრივი ხით, თუმცა გერმანიიდან იმპორტირებული საღებავებით, ზეთებით, ლაქებით და სხვა საჭირო ნედლეულით იქმნება სოციალური საწარმო „დადარის“ ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებიც.

არჩილ გობეჯიშვილი, სოციალური საწარმო „დადარის“ ხელმძღვანელი „ბიზნეპარტნიორს“ უყვება, რომ ხის სათამაშოების ბაზარი დღითიდღე იმატებს, კონკურენციაც ჩნდება, ხარისხიც მაღალია, გასულ წლებთან შედარებით.

„ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოდან ჩვენ ევროპას შევთავაზებთ მაღალი ხარისხის, კარგი, გამართული სათამაშოების ექსპორტს“, - ამბობს არჩილ გობეჯიშვილი. მისივე განმარტებით, ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ბოლო წლებია, ქართული ხის სათამაშოებით ევროპელი ბავშვებიც თამაშობენ. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა გერმანიაა, რომელიც საქართველოსგან ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს ყიდულობს და შემდეგ მის რეალიზაციას, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში თავადვე ახდენს. ქართული წარმოების ეკომეგობრული სათამაშოები უცხოურ ბაზრებზე, ონლაინ პლატფორმების მეშვეობითაც იყიდება.

„ჩვენ ქართველებს შეგვძლებია სათამაშოების კეთება, რაც უკვე იციან ამ დარგით დაინტერესებულმა უცხოელმა ინვესტორებმა და უცხოელმა მოთამაშეებმა. ძალიან გვეხმარება ახალი კანონმდებლობა ევრო-1 ის კუთხით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, პროდუქციის ექსპორტი მოვახდინოთ ნაკლები გადასახადებით და ჩვენი პარტნიორეისთვის იყოს ხელმისაწვდომი უფრო მეტად ჩვენი სათამაშოები,“ - დასძინა „დადარის“ ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, სოციალურ საწარმო „დადარში“ თვეში 5000 ერთეულ სათამაშოს ამზადებენ. 2023 წლიდან კი წარმადობის 3-ჯერ გაზრდას გეგმავენ.

Businesspartner