ქართულ ღვინოს Vinexpo America -ზე ეცნობიან
ქართულ ღვინოს Vinexpo America -ზე ეცნობიან. აშშ-ის ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს არის ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო წარდგენა COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ.
„ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, ქართველი მწარმოებლებისთვის ეს გამოფენა კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და მომხმარებლების მოსაძიებლად. ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებში", - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა.
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო.