ქართულ ბაზარზე “ქინდერის“ შოკოლადში სალმონელა არ გამოვლინდა
საქართველოში სხვადასხვა დასახელების იმპორტირებული შოკოლადის საეჭვო პარტიები არ გამოვლინდა.საუბარია, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,მიმდინარე წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენის პროცედურები მყისიერად დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ბიზნესოპერატორების შემოწმების პროცესი დასრულებულია. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.
უწყების განცხადებით, ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.