ფოტო: reuters.com
ბიზნესი
26/02/2022

კანადაში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებმა რუსული არაყი გაყიდვიდან ამოიღეს

კანადური ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები რუსული არყის გაყიდვაზე უარს ამბობენ და თაროებიდან პროდუქციას იღებენ, - ამით პასუხობს კანადაში რითეილ სექტორი მოსკოვის უკრაინაში შეჭრას.

Reuters-ი წერს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს მანიტობისა და ნიუფაუნდლენდის პროვინციებში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებს. საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ქვეყნის უდიდესმა პროვინციამ ონტარიომ ალკოჰოლის კონტროლის საბჭოს პროვინციაში ყველა რუსული წარმოების პროდუქტის გაყიდვიდან ამოღებაზე მისცა მითითება. შედეგად, მხოლოდ ონტარიოში, რუსული წარმოების ყველა პროდუქტს გაყიდვიდან 679 მაღაზიიდან ამოიღებენ.

„ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის ლიქიორების კორპორაციამ, სხვა ლიქიორის იურისდიქციებთან ერთად მთელ კანადაში, მიიღო გადაწყვეტილება, ამოიღოს რუსული წარმოშობის პროდუქტები თავისი თაროებიდან“, - ნათქვამია NLC Liquor Store-ის ტვიტერში.

სტატისტიკური მონაცემებით, კანადაში 2021 წელს რუსეთიდან 3.78 მლნ დოლარის ალკოჰოლური სასმელების იმპორტი განახორციელდა. როგორც კანადური მხარე ამბობს, კანადელ მომხმარებელში ვისკის შემდეგ არაყი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია.

შეგახსენებთ, რომ კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც ტრუდომ აღნიშნა, რუსეთის ელიტას "მძიმე ტვირთი დააწვება".

 

Businesspartner