ბიზნესი
05/04/2022

"ქალაქური" წლის ბოლომდე ექსპორტის განხორციელებას გეგმავს

თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია „ქალაქური“ წლის ბოლომდე ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. განიხილება, მეზობელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთიც.

კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ექსპორტის მიმართულებით გეგმები შეაფერხა. „რომ არა ეს კონფლიქტი, დღეს უკრაინის ბაზარზე წარმოდგენილი ვიქნებოდით. კონკრეტული ინტერესი იყო ამ ქვეყნიდან, თუმცა, ეს გეგმა გადაიდო. მოლაპარაკებების დაწყებას ვგეგმავთ რუსეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან. ამ დროისთვის იქაურ ბაზრებს ვსწავლობთ,“ - აცხადებს ღოღაძე.

“ქალაქურის“ ქარხანა წეროვანში მდებარეობს, წელიწადში დაახლოებით,  200 ტონამდე თხილს, ხოლო 80-100 ტონამდე ჩირს გადაამუშავებს.

"ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის.  მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა,  მიწის თხილი, გოგრის გული,  სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით. პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე  დაფასოებული -  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.