ბიზნესი
01/04/2022

“ქალაქური“ მეორე ქარხნასაც წეროვანში ააშენებს

თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია „ქალაქური“ მეორე ქარხნასაც წეროვანში ააშენებს.

კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს,რომ ახალი ქარხნისთვის ტერიტორია უკვე შერჩეულია, ამჟამად სახელმწიფოსგან მიწის გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობს.  

პარარელურად, მიმდინარეობს პროექტირებაც. მშენებლობის პროექტი კომპანიას ასორტიმენტის გაფართოების საშუალებას მისცემს. კერძოდ, დაგეგმილია ჩურჩხელების, ჯემების და ნატურალური წვენების წარმოება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 2-3 მილიონი ლარია.ახალი ქარხანის ამოქმედება  2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ღოღაძის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობები 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ახალი თანამდეროვე მანქანა-დანადგარების საშუალებით წარმადობა  პირველ ეტაპზე დაახლოებით 60%-ით გაიზრდება. არსებული ქარხანა კი, რომელიც ასევე წეროვანში მდებარეობს, წელიწადში დაახლოებით,  200 ტონამდე თხილს, ხოლო 80-100 ტონამდე ჩირს გადაამუშავებს.

"ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს  და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის.  მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა,  მიწის თხილი, გოგრის გული,  სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით. პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე  დაფასოებული -  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.