კალაძე დეველოპერებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
კახა კალაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ მეტი ინტერესის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
მერის თქმით, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პირველი საპილოტე პროექტი შედგა, ტენდერი ჩატარებულია და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.
„ერთი თვის განმავლობაში მოხდება ავარიული კორპუსის დემონტაჟი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დასრულდება ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას გარემონტებულ ბინებს გადავცემთ. ამ ეტაპზე, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ქირით გვყავს გაყვანილი“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი დამატებით 25-მდე ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტს განიხილავს.
„მინდა, მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს მეტი აქტიურობისკენ. როგორც იცით, მუნიციპალიტეტი ამ სამუშაოებს ერთჯერადად არ ახორციელებს, ეს არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. მინდა, მოვუწოდო ყველას უფრო მეტი ინტერესისა და ჩართულობისკენ. ასევე, მინდა, დავავალო ვიცე-მერს, თუ ვინმეს აქვს დამატებითი კითხვები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, შეხვდეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. გვაქვს სურვილი, რომ მათ მეტად გამოხატონ ინტერესი პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ ეს ახალი პროდუქტია, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სამშენებლო სექტორთან, უშუალოდ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვატარებთ შეხვედრებს, რათა მათ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და ინტერესი მაღალი იყოს. ამ ეტაპზე, ერთი პროექტი გამოვიტანეთ და ტენდერი შედგა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე, როდესაც მასიურად დაიწყება პროექტების განხორციელება, საჭიროა უფრო მეტი სამშენებლო კომპანია. ამიტომ, ვთხოვთ სამშენებლო სექტორს, უფრო მეტი ჩართულობა გამოიჩინონ, რადგან უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.