კახეთში საფლავების დასუფთავების გაციფრულებული სერვისი შემოდგომიდან ამოქმედდება
კახეთში, შემოდგომიდან საფლავების დასუფთავების გამარტივებული სერვისის გაციფრულება იგეგმება. დაახლოებით ერთ წელიწადში კი სერვისის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.
პროექტის განმახორციელებელია სტარტაპი „სა-და“, რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA) 30 000 ლარიანი გრანტი მიიღო. სტარტაპი სამმა მეგობარმა, მარიამ ოსიაშვილმა, ნათია სააკაშვილმა და ფიქრია მაისურაძემ შექმნა.
როგორც მარიამ ოსიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,უახლოეს 2 თვეში შეიქმნება ციფრული ვებ-პლატფორმა ადამიანებისთვის, ვისაც სურს ახლობლების საფლავები მუდმივად მოვლილი ჰქონდეს. ამას კი დროის სიმცირის, ასაკის, მანძილის ან ტრანსპორტის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ.
მისი განცხადებით, კომპანია მხოლოდ კახეთის სრულად მოცვისთვის დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, შედეგად, კომპანია სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას პერმანენტულად აპირებს.
სერვისის ფარგლებში გაიყიდება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტები, რომლის ტარიფებზეც მუშაობა (კალკულაცია) ახლა მიმდინარეობს.
„ბაზრის კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს. ამიტომაც გადავწყვიტეთ სტარტაპის დაწყება და გავაკეთეთ თამამი განაცხადი, რომ გვინდა მთელი საქართველოს მოცვა. ვებ-გვერდის მეშვეობით დაინტერესებულ პირს შეეძლება შეიძინოს სასურველი პაკეტი და საოჯახო სასაფლაოები მუდმივად მოვლილ მდგომარეობაში იქონიოს. მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც მსუბუქ, ისე სიღრმისეულ დასუფთავებას.
სამომავლოდ, ვგეგმავთ ყვავილების მაღაზიებთან თანამშრომლობასაც. ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან ან ქვეყანაში, ან ქალაქში,ან უბრალოდ, არიან ძალიან დაკავებულები, შეეძლებათ ძალიან მარტივად გააკეთონ შეკვეთა, რომელსაც ჩვენი მობილური ჯგუფები შეასრულებენ. საბოლოოდ კი, დამკვეთს შესრულებული სამუშაოების ფოტოებიც გადაეგზავნება,“-აცხადებს ოსიაშვილი.
კითხვაზე, სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება თუ არა როგორც მუნიციპალური, ისე კერძო სასაფლაოების შემთხვევაში, „სა-და“-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ კერძო სასაფლაოების საკითხი, რომელიც უმეტესწილად თბილისშია, არ განხილულა კომპანიაში, თუმცა, სამომავლოდ არ არის გამორიცხული კერძო სასაფლაოების მესაკუთრეებთან თანამშრომლობაც.