ბიზნესი
06/12/2021

“კახელები“: ადამიანები სამსახურებიდან გარბიან, სარესტორნე სექტორი არასტაბილურად მიაჩნიათ

რესტორან „კახელების“ დამფუძნებელი ჭიჭიკო გოლეთიანი სარესტორნო ბიზნესში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც „მწვანე პასპორტების“ მექანიზმი ამოქმედდა, „კახელებში“ აქტივობა დაახლოებით 25%-ით შემცირდა.

„ქვეყანაში არ ჩატარდა ნორმალური კამპანია იმისთვის, რომ საზოგადოება ვაქცინაციის დადებით შედეგში დარწმუნებულიყო. ის ადამიანი, ვისაც არ სჯერა ვაქცინის, ის რესტორანში ან კაფეში შესვლისთვის არ აიცრება. არ მგონია, ამან დიდი შედეგი მოიტანოს. ტენდენციაა ის, რომ ხალხი აღარ მოდის, ეს ყველაფერი კი გადაინაცვლებს კერძო ბინებში და არალეგალური გახდება, რაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

200 ლარის ინტერესის გამო აცრილი ხალხის რაოდენობაც დასრულდება. მგონია, ეს შედეგს არ გამოიღებს, საჭირო გახდება მკაცრი შეზღუდვები და უკვე ამის შემდეგ სოციალური აფეთქება მოხდება,“ - აცხადებს გოლეთიანი.

მისი ინფორმაციით, შექმნილ სიტუაციაში მოლოდინებზე საუბარი ცოტა რთულია.

„40 წლიანი ბიზნეს გამოცდილება მაქვს და ისეთ სიტუაციაში პირველად ვარ, როდესაც არ ვიცი რა ვქნა. ადამიანები გაბიან სამსახურიდან, რადგან ეს სფერო არასტაბილურად მიაჩნიათ. სამუშაოდ მიდიან იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. ურჩევნიათ იქ მოხუცის მოვლაში 800 ევრო აიღონ, ვიდრე აქ, როცა უკონტროლოა ყველაფერი, არ იცი როდის დაგხურავენ და როდის,“ - აცხადებს გოლეთიანი.

მისივე განცხადებით, შექმნილი სიტუაცია შრომის ბაზარზე პროფესიონალი მუშა-ხელის დეფიტის ქმნის. გოლეთიანის  განმარტებით, „კახელებს“ ამ მდგომარეობით 10 ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ელი დეკემბრიდან,  "მწვანე ბარათი" ამოქმედდა, რესტორნებს კი საათობრივი შეზღუდვა მოეხსნათ.

მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

რაც შეეხება 200 ლარიან დახმარებას, 60 წლის ზემოთ პირები, რომლებიც აიცრებიან, მთავრობისგან 200 ლარიან ფინანსურ დახმარებას იღებენ.