ბიზნესი
17/12/2021

კახაბერ ცისკარიძე თბილისში ტანსაცმლის სახელოსნოს გახსნის და "ხანუმების" ხაზს გამოუშვებს

მომღერალი და KAHABERI ClLOTHING-ის დამფუძნებელი კახაბერ ცისკარიძე 1 კვირაში ძველ  თბილისში სახელოსნოს ხსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს" ცისკარიძემ განუცხადა, პარარელურად, ტანსაცმლის ორ ხაზს დაემატება მესამე „ხანუმების“ მიმართულება, რომლის ფარგლებშიც სამოსი ქართული, ტრადიციული კონტურების გათვალისწინებით შეიკერება.

მისივე განცხადებით, 2022 წლისთვის დაგეგმილია ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის შოურუმის გახსნას. ამჟამად მიმდინარეობს ლოკაციის მოძიების პროცესი.

როგორც ცისკარიძე აცხადებს, პანდემიის გამო კომპანიის შემოსავლები არ არის იმ ნიშნულზე, რაც დაგეგმილი იყო. „ახლა პროდუქციას ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ შევიტან, ტურისტებზე მაქვს გათვლა და იმედია, ეს გადაწყვეტილება გაყიდვების სტიმულირებას მოახდენს,“ - აცხადებს ცისკარიძე.

ცნობილმა მომღერალმა ბათუმში Kahaberi Clothing-ის ბრენდის შოურუმი 2020 წლის ზაფხულში გახსნა. ეს არის ტრანსფორმირებადი სივრცე, სადაც შეიძლება მოეწყოს როგორც მუსიკალური ღონისძიებები, ისე ფერწერული გამოფენები. კახაბერის ტანსაცმლის კოლექციაში წარმოდგენილია ორი მიმართულება, ერთი – თავისუფალი, ე.წ. ქეჟუალ სტილის სამოსი, მეორე კი უფრო მეტად ექსკლუზიური და სახელობითი. სამოსი ქართული ელემენტებითაა გაჯერებული, თუმცა, თანამედროვე ელფერი აქვს მიცემული.

მისი განცხადებით, თავისუფალი, ე .წ. ქეჟუალ სტილის სამოსის ფასი 100 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს, მეორე მიმართულების სამოსი  შედარებით ძვირადღირებულია და ფასი 400 ლარიდან  5 000 ლარამდეა. ეს ხაზი შეკვეთით იკერება.

კახაბერ ცისკარიძე აცხადებს, რომ საქართველოში ის პირველი მომღერალია, რომელმაც საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი შექმნა. Kahaberi Clothing-მა სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში 50 000 ლარის დაფინანსება მიიღო.