ბიზნესი
26/10/2021

კახა კალაძე: ყოველთვის ვიდექით ბიზნესის გვერდით და ასე გაგრძელდება მომავალშიც

კახა კალაძე ბიზნესს მხარდაჭერას ჰპირდება.

ქალაქის მერმა ახალი სასტუმრო Hilton Garden Inn-ის გახსნაზე აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორს მსგავსი, ქალაქის განვითარებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელების პროცესში ყოველთვის ექნება მერიის აქტიური მხარდაჭერა.

"მიხარია, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასტუმროს ბრენდი შემოვიდა. ეს კონკრეტული სივრცე, შენობა-ნაგებობა ძალიან ამშვენებს ჭავჭავაძის გამზირს. მინდა, მადლობა გადავუხადო ლაშა პაპაშვილს და მის გუნდს პროექტის განხორციელებისთვის. ეს ორი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი: პირველი, რომ მსოფლიო დონის ბრენდია შემოსული და მეორე - ასზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მხრიდან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება მხარდაჭერა ბიზნესსექტორის მიმართ, რომ ასეთი საინტერესო პროექტები იყოს განხორციელებული, რადგან დღეს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყნას ყველაზე მეტად სჭირდება აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ყოველთვის ვიდექით ბიზნესის გვერდით და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „რედიქსის“ მიერ გახსნილი სასტუმრო Hilton Garden inn ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.

Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. 14-სართულიანი სასტუმროში 165 ნომერია განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი.

Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.

სასტუმროს გახსნას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

 

 

 

Businesspartner