ბიზნესი
25/03/2022

კახა კალაძე: არავის მივცემთ უფლებას უკანონო მშენებლობა თაღლითურად განხორციელდეს

"არავის მივცემთ უფლებას უკანონო მშენებლობა თაღლითურად განხორციელდეს," განაცხადა კახა კალაძემ ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროზე, სადაც უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს.
 
მერმა ფეისბუქ ლაივში ჩართვისას აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და დამატებითი სართულის გარეშე აშენდება.
 
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს  უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის მიმართ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება ექნებათ.
 
„დაგეგმილი იყო პატარა სასტუმროს მშენებლობა და გაიცა ნებართვა პროექტზე, რომელიც არსებულ განაშენიანებასა და ურბანულ ქსოვილში ჯდებოდა. მშენებლობა არასწორად მიმდინარეობდა, უკანონოდ დამატებული იყო ერთი სართული. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს გვიხარია, ვიღაცას რომ მშენებლობას ვუჩერებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესების ფარგლებში. განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ ძველ თბილისზე.
 
ახლა აქ დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს,  გვქონდა კომუნიკაცია მფლობელებთან და შევთანხმდით. მიხარია, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას და ზედმეტი ერთი სართულის დემონტაჟი მოხდა.

სამართლიანობა და თანასწორობა კანონის წინაშე ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირადად  ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ, ასე ვმოქმედებდით წარსულშიც და ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.