"კადრების გადინება ხდება" - ტექინსპექტირების ცენტრები საფასურის გადახედვას ითხოვენ
ტექინსპექტირების ცენტრები მომსახურების ტარიფის გადახედვას და განმეორებით ტექინსპექტირებაზე საფასურის დაწესებას ითხოვენ.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, 4 წლის წინ კანონით განსაზღვრული 60 ლარი დღეს ხარჯებსაც ვეღარ ფარავს.
"მსუბუქი ავტომობილებისთვის დაწესებული 60 ლარი, ინფლაციის მიუხედავად, დღემდე არ გადახედილა. გარდა ამისა, განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. ესეც შრომაა ანაზღაურების გარეშე. ტექინსპექტირების ცენტრებში ევროპული სტანდარტების შესაბამისი, გამართული ინფრასტრუქტურაა, რასაც სჭირდება მოვლა. რაც ყველაზე მთავარია, იმისათვის, რომ პერსონალი წახალისებული იყოს და უკეთესობისკენ გარკვეული მოლოდინები ჰქონდეთ, ინსპექტირების ცენტრებს ამის საშუალება არ აქვთ ამ დადგენილი საფასურის გამო. ხდება პერსონალის გადინება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ კვალიფიციური პერსონალია, რომლებიც ყოველწლიურად გადიან ტრენინგებს და ხდება მათი ტესტირება ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
საფასურის გადახედვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს, რათა ადეკვატურად მოხდეს საფასურის დადგენა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ამ საკითხში დისკუსიაში შემოვიდეს. ჯერჯერობით ამ ეტაპზე უშუალო მოლაპარაკებები არ არის, თუნმცა იმედი გვაქვს, ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ", - აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.
მას შემდეგ, რაც ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა, ქვეყანაში 71 ტექინსპექტირების ცენტრი გაიხსნა, სადაც დაახლოებით 100 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.