K2 კოეფიციენტის მატებისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდა 2025 წლამდე გადავადდება
K2 კოეფიციენტის მატებისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდა მშენებლებს 2025 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდებათ. ცვლილებას "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონი ითვალისწინებს.
კანონპროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
"დღეისათვის სამშენებლო კომპანიებს რომელთაც 2017 წლამდე გააჩნდათ K 2 კოეფიციენტის მატებისთვის გადასახდელი თანხები და რომელთა გადახდაც ვერ მოხდა, მაგრამ მშენებლობა თითქმის დასრულებული აქვთ, იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ მშენებლობების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, გთავაზობთ 2025 წლამდე გადავუწიოთ მათი გადახდა იმ დათქმით, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნას 2025 წლის 1 იანვრამდე",- განმარტა კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
მომხსენებლის თქმით დღისათვის ქვეყანაში ასეთი 25 კომპანიაა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.