ბიზნესი
18/11/2021

"ჯეოფაიფი", კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით, "სიბელის" შეძენის გამო დაჯარიმდა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ჯეოფაიფის“ მიერ კომპანია „სიბელის“ შეძენაზე კონცენტრაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სააგენტო აცხადებს, რომ 2021 წლის 20 აპრილს, შპს „ჯეოფაიფის“ მიერ შპს „სიბელის“ 100%-იანი წილის შეძენა სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.

?შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ეკონომიკურ აგენტს (მყიდველს)კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა და ეთხოვა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განხორცილებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა. კონცენტრაცია ეხება გათბობისა და წყალგაყვანილობის პროდუქტების ბაზარს", - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.

„კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ მოსაზრებები კონცენტრაციასთან დაკავშირებით, 26 ნოემბრამდე.

განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, 2020 წლის 4 ნოემბრიდან - დღემდე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა 16 552 კონცენტრაცია. აღნიშნულ პერიოდში, წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობებს შორის დაგეგმილ კონცენტრაციაზე სააგენტომ გასცა ნებართვა.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

Businesspartner