ბიზნესი
14/12/2021

JB Group: ბიზნესმა დაზოგვა დაიწყო, კორპორაციული შეკვეთები შემცირდა

გოზინაყის მწარმოებელ კომპანია JB GROUP-ს, პანდემიის ფონზე, გაყიდვები შეუმცირდა. 

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძენებელი ანა ბარამიძე ამბობს, კომპანიას  ძირითადად კორპორაციული დაკვეთები ჰქონდა, თუმცა, ბიზნესმა პანდემიის გამო ხარჯების ოპტიმიზაცია მოახდინა, დაიწყო თანხის დაზოგვა, რამაც  JB GROUP-ის შემოსავლებზე უარყოფითად იმოქმედა.

მისი განცხადებით, სიტუაციას ართულებს გაძვირებული ნედლეული, რაც პროდუქციის თვითღირებულებას  დაახლოებით 20-30%-ით აძვირებს.

„ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, მომავალ წელს აღარ ვაწარმოო პროდუქცია. ამჟამად გაყიდვების გარკვეული ნაწილი ონლაინ იყიდება, თუმცა, ვთანამშრომლობთ კომპანია „ბადაგთან“ და სარეკლამო კომპანიებთან,“ - აცხადებს ბარამიძე.

გოზინაყის პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მზადდება ხელით, ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე. გამოირჩევა ორიგინალური შეფუთვით, რომლის დიზაინიც თავდაპირველად მხოლოდ საახალწლო იყო, შემდეგ დაემატა შეფუთვები ტურისტული ზონისთვის. კომპანია კორპორაციულ დაკვეთებს ასრულებს, თუმცა წელს მოთხოვნა შემცირებულია.

კომპანია JB GROUP-ი მომხმარებელს ნატურალური თაფლით დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს.