ივა ხასია: ბაზარზე Winston-ის, Camel-ის და Sobranie-ს მარაგები არსებობს
საქართველოს ბაზარზე Winston-ის, Camel-ის და Sobranie-ს მარაგები არსებობს.
როგორც თამბაქოს მწარმოებელი კომპანია JTI კავკასიის კორპორაციულმა დირექტორმა ივა ხასიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,რუსეთ-უკრაინის ომის გამო JTI-ის ქარხანა უკრაინაში გაჩერებულია, თუმცა, კომპანია საწარმოო პროცესის სხვა ბაზრებზე გადატანაზე აქტიურად მუშაობს.
„აქედან გამომდინარე,მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 1 სექტემბრამდე სექტორს შესაძლებლობა მიეცა შემოიტანოს არა ქართული ბაზრისთვის დამზადებული პროდუქტი.მაგალითისთვის, duty free-ს,თურქეთის ან აზერბაიჯანის ბაზრისთვის დამზადებული. ეს ძალიან კარგი და დროული გადაწყვეტილებაა იმის გათვალისწინებით, რომ სექტორი გადაწყობის პროცესში შესაძლებელია პრობლემების წინაშე დამდგარიყო,“-აცხადებს ივა ხასია.
JTI კავკასიის კორპორაციული დირექტორი ამ ეტაპზე არ ასახელებს კომპანიას რა მოცულობის მარაგები აქვს და რომელი ალტერნატიული ბაზრებიდან მოხდება სიგარეტების შემოტანა. „უმოკლეს დროში ვგეგმავთ ახალ ბაზარზე გადაწყობას,პატარა დეფიციტები შეიძლება შეიქმნას,თუმცა,ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს,“-აცხადებს ხასია.
კითხვაზე,არა ქართული ბაზრისთვის დამზადებული პროდუქტის შემოტანა გააძვირებს თუ არა პროდუქტის საბოლოო ფასს,ხასია განმარტავს, რომ ღირებულების ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება.
„თუმცა, ეს საკითხი კიდევ დაზუსტებას მოითხოვს. გააჩნია რა ქვეყნებიდან შემოვიტანთ,რადგან არის რიგი ქვეყნები, რომელთა მიმართებაშიც იმპორტის გადასახადი გაუქმებულია,შესაბამისად, თუ მსგავსი ქვეყნებიდან იქნება შემოტანილი, ეს ფასზე არ მოახდენს გავლენას, ხოლო თუ მაინც მოგვიწია ისეთი ქვეყნებიდნ იმპორტი,რომელთა მიმართებაშიც იმპორტის გადასახადი 12%-ის ფარგლებშია, შესაძლოა ამან ფასზე გავლენა იქონიოს,“-აცხადებს ხასია.
როგორც ცნობილია, JTI თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მას ეკუთვნის ბრენდი Winston-ი და Camel-ი.მის პორტფელში შედის ასევე ბრენდები Sobranie, Mevius და LD.
JTI მსხვილი მოთამაშეა გახურებადი თამბაქოს კატეგორიაშიც ბრენდებით Logic და Ploom. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში. კომპანიაში მსოფლიოში სულ 44 000-მდე თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში JTI-ში დაახლოებით, 100 თანამშრომელია. JTI არის Japan Tobacco-ს კომპანიების ჯგუფის წევრი.