ბიზნესი
15/11/2021

ივა ჭყონია: საქართველოში მზესუმზირის ზეთი ძვირდება

საქართველოში მზესუმზირის ზეთი ძვირდება. მიზეზი რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რომლის ფარგლებშიც მზესუმზირის ზეთის  ექსპორტზე გადასახადი იზრდება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,საქართველოში ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. შესაბამისად, გადასახადის ზრდა პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს საქართველოში ზეთის გაძვირებას.

რა პროცენტით უნდა ელოდოს მომხმარებელი ფასების დაკორექტირებას, ჭყონიას თქმით, ეს დამოკიდებულია საფასო სეგმენტზე - რაც უფრო იაფიანია პროდუქცია, მით ნაკლებად გაძირდება, რაც უფრო მაღალფასიანია -  ზრდა უფრო საგრძნობი იქნება.

„საგანგაშო მაჩვენებელს არ მივიღებთ, თუმცა, ნებისმიერი რყევა ნეგატიურად აისახება საბოლოო პროდუქტზე. სამწუხაროდ, ყველაზე იაფი ზეთი დღეს არის რუსეთში, გარდა ამისა, ლოგისტიკაც უფრო იაფი რუსეთიდანაა. აქედან გამომდინარე, იაფი ფასის გამო ყოველთვის ვირჩევთ რუსეთის ბაზარს. სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთი ცდილობს რომ მის ბაზარზე იყო დამოკიდებული,“ - აცხადებს ჭყონია.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 2021 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ტონაზე 276,7 დოლარამდე გაიზრდება.

გამოცემა Business.ru-ს ინფორმაციით, ამჟამად საექსპორტო გადასახადი 194,5 დოლარს შეადგენს. საექსპორტო გადასახადის განაკვეთების გაანგარიშებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი  მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე მოქმედებს.

საქართველოში ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ სულ იყიდა 36,964 მლნ დოლარის ღირებულების 25 257 ტონა ზეთი იყიდა. აქედან 87,7% ანუ 22 150 ტონა რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 1 853 ტონით, მესამეზე კი უკრაინა, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 1 137 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოვიდა.