ივა ჭყონია: ყველაფერი რომ გაწყდეს, შაქრის დეფიციტი მაინც არ იქნება
დისტრიბუტორთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში სურსათის მარაგების პრობლემა არ არის და ის არც შეიქმნება, თუ მომხმარებლები პანიკურ შესყიდვებს არ განახორციელებენ.
როგორც "ბიზნესპარტნიორში" გაერთიანების ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა, განსაკუთრებული პრობლემები უკრაინის გარდა არცერთ ბაზარზე არ გამოკვეთილა.
"მომხმარებლებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მშვიდად იყვნენ. არანაირი საფრთხე არ არსებობს, რა თქმა უნდა, თუ არ იქნება პანიკური შესყიდვები. თან პანიკური შესყიდვები როგორ პროდუქტზე? ყველაფერი რომ გაწყდეს, შაქრის დეფიციტი მაინც არ იქნება იმიტომ, რომ არ ვართ დამოკიდებული არც რუსეთისა და არც უკრაინის ბაზარზე. პანიკური შესყიდვებით ისევ და ისევ თავიანთ თავს აზიანებენ.
ბაზრებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული პრობლემები არ გამოკვეთილა, თუ არ ჩავთვლით უკრაინის ბაზარს. რუსეთის ბაზრიდან იმპორტი შეჩერებული არ არის, თუ არ ჩავთვლით, რომ რაღაც პრობლემებია გადმორიცხვებთან და რუბლთან დაკავშირებით",- განაცხადა ჭყონიამ.