ივა ჭყონია: პროდუქციის გაძვირება არავის ეხალისება, იძულებითი ფაქტორებია
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასები არ დასტაბილურდა, წლის ბოლოდან თითქმის ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება.
მისი განმარტებით, იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საწვავი და ვალუტის კურსია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ფასების ზრდა პირპირპროპორციულად ისახება პროდუქციის ფასზე.
„იძულებით ხდება და არა იმიტომ, რომ ვიღაცას ეხალისება. გარდა ამისა, არის სეზონური ფაქტორიც - ხილი, ბოსტნეული, რომელიც ქვეყანას ადგილობრივი ჰქონდა, ახლა ძირითადად იმპორტირებულზე ვართ დამოკიდებული. საწვავზე ფასები თუ არ დასტაბილურდა, ყველა ტიპის იმპორტირებულ პროდუქციაზე ღირებულების ზრდას უნდა ველოდოთ. თუმცა, ექსპერტების მხრიდან არც თუ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, საწვავის ფასებს ახალ წლამდე 3.50 -3.60 ლარის დიაპაზონში უნდა ველოდოთ, ეს რა თქმა უნდა, მეტ ზეწოლას გამოუწვევს ფასებზე.
სამწუხაროდ, დღეს ქყვეყანაში პროდუქტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ხოლო რაც ადგილობრივი წარმოებაა, ისიც იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული. მაგალითად,ის, ვინც ზეთს, შაქარს და იმპორტირებულ პროდუქციას მოიხმარს,“ - აცხადებს ჭყონია.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში საწვავზე ფასები იმატებს. ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,04 ევროთი ლიტრაზე, A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი კი 0,03 ევროთი, გაძვირდა დიზელის საწვავი - 0,04 ევროთი/ლიტრაზე.
საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის ფასი საშუალოდ 3.04-დან 3,15 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება დიზელს მისი ფასი 3,08-დან 3.94 ლარამდეა.