ბიზნესი
30/05/2023

ივა ჭყონია: პარკირების პრობლემის გამო, შესაძლოა, დისტრიბუტორებს პროდუქტის გაძვირება მოუწიოთ

პარკირების პრობლემების გამო, შესაძლოა, დისტრიბუტორებს პროდუქტის გაძვირება მოუწიოთ. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავჯდომარემ ივა ჭყონიას განცხადებით, ეს იმდენად მწვავე პრობლემაა, თვეებია ამასთან დაკავშირებით საუბრები მიდის. 

"თუ დროულად არ მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა, უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ, ამ მიზეზიდან გამომდინარე, პროდუქციის ფასები დაკორექტირდება“, - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავჯდომარე.

ივა ჭყონიამ დისტრიბუტორებისთვის საპარკინგე სივრცის გამოყოფის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„პარკირება არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც დღევანდელ დღეს დგას სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორისთვის იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ 130 საპარკინგე ადგილია ჩვენთვის გამოყოფილი, რაც ცალსახად არის ზღვაში წვეთი. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან. მათ შევთავაზეთ გამოსავალი - კერძოდ, მომიჯნავე ზოლში ავტომობილის გაჩერება, თუ საავარიო სიტუაციას არ ქმნის, რომ იყოს დასტიკერებული და არსებობდეს ბაზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ გაუთვალისწინებიათ და ამასთან დაკავშირებით, არ არის არანაირი პასუხი. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში გარკვეული შეხვედრა იქნება“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

მისივე განმარტებით, ეს საკითხი ზოგადად, საქართველოს ეკონომიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. „სწორედ ამიტომ, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა და წერილობით მიგვემართა როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, ასევე ბიზნესომბუდსმენისთვის, რომ აქტიური იყოს მათი ჩართულობა, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ ჯარიმა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, არამედ არის სახდელი, რომელიც რეალურად გააძვირებს პროდუქტის თვითღირებულებას“, - აღნიშნა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავჯდომარემ.

ივა ჭყონიას თქმით, კომპანიებს პარკირების წესების დარღვევებისთვის ათასობით ლარის ჯარიმა მისდით. „დაახლოებით, 5 ათასიდან 10 ათასი ლარის ფარგლებში ტრიალებს ჯარიმის მოცულობა, რაც დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, თუ რამხელაა მისი ავტოპარკი. თუ აქამდე ეს თანხა კომპანიებისთვის იყო 500-დან 1000 ლარის ფარგლებში, გაზრდილია 5-ჯერ და ჯარიმების წერაც არის გამკაცრებული“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ივა ჭყონიამ.

მისივე თქმით, ეს ჯარიმები კომპანიების დახურვას არ გამოიწვევს, თუმცა, როდესაც მოხდება ფასების გადახედვა, კომპანიები აღნიშნულ გადასახადს ჩადებენ პროდუქტის თვითღირებულებაში და შედეგად, პროდუქტი გაძვირდება.

შეგახსენებთ, დედაქალაქში დისტრიბუტორებისთვის საპარკინგე სივრცეების გამოყოფასთან დაკავშირებით თბილისის მერმა 2022 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა. მაშინ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში 550 სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს უნდა დათმობოდა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023