ბიზნესი
17/11/2021

ივა ჭყონია: Carrefour-ის წინააღმდეგ სარჩელს კიდევ რამდენიმე კომპანია ამზადებს

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანია Carrefour-ის წინააღმდეგ სარჩელს კიდევ რამდენიმე ამზადებს.

„გარდა ამისა, არსებობს ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც Carrefour-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა მოუგო, ეს კომპანია არის სოფლის მეურნეობით, კონკრეტულად კი მესაქონლეობით  დაკავებული. მეორე პროცესი თვის ბოლოსთვის ჩაინიშნება და 99%-ით გვგონია, რომ მოსარჩელესთვის დადებითად დასრულდება", - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის Carrefour-ის წინააღმდეგ სარჩელი მინიმუმ 20 კომპანიას აქვს შეტანილი.

შეგახსენებთ, ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები Carrfour-ს  სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. როგორც დისტრიბუტორები ამბობენ, ქსელი კომპანიებს პროდუქციის ღირებულების თანხას დროულად არ ურიცხავს, მეორე მხრივ კი დამატებით ირეალურ საკომისიოებს არიცხავენ.

რაც შეეხება Carrefour-ს, კომპანიამ უკვე გააკეთა როგორც განცხადება, ასევე ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ. "მიმდინარე დავის საკითხებზე სასამართლოს დასრულებამდე კომპანია თავს იკავებს დამატებითი კომენტარებისგან,“ - განუცხადეს დაახლოებით 1 თვის წინ  „ბიზნესპარტნიორს“ Carrefour-ში.