იციკ მოშე: მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ ინვესტიციების მოზიდვაში
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ორი ქვეყნის პრობლემა. დღეს მსოფლიომ უნდა დაძლიოს ეს კრიზისი და შესაბამისად, გადაწყვიტოს თავისი ბედიც.
კითხვაზე, რა გავლენა ექნება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საქართველოზე, ინვესტიციებსა და ბიზნეს გარემოზე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ასეთი დაძაბულობა, პანდემია და სხვა კრიზისები გავლენას ახდენს ყველა სფეროზე, მათ შორის ინვესტიციებსა და ბიზნესზე. ამ დროს შეიძლება გქონდეს ორი ტიპის რეაქცია - ან ხარ პასიური და მიყვები დინებას, ან იღებ გამოწვევას და ადეკვატურად პასუხობ.
„კრიზისის მასშტაბმა უნდა განაპირობოს აქტივობის ხარისხი. კარგი იქნება, საერთაშორისო ბიზნესორგანიზაციებთან მთავრობის საგანგებო შეხვედრა. ჩვენ მზად ვართ, ქვეყანას გვერდში დავუდგეთ და კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ უკვე არსებული ბიზნესის პრობლემების დაძლევასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე. ეს არის გზა, რომ საქართველომ უწყვეტად მიიღოს ინვესტიციები, შესაბამისად ეკონომიკა გაძლიერდეს,“ - აცხადებს იციკ მოშე.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღვრული სანქციების განკარგულებას ხელი მოაწერა.
თეთრი სახლის თანახმად, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.
დღეს კი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გერმანიის მთავრობა აჩერებს Nord Stream 2 ბუნებრივი გაზსადენის სერტიფიცირების პროცესს. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.