ისრაელის მაღალტექნოლოგიური კომპანიები დეველოპერებს საქართველოს ბაზარზე ეძებენ
ისრაელის ინვესტორები საქართველოში ტექნოლოგიების სფეროთი ინტერესდებიან. როგორც ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ისრაელის ეკონომიკა, ინოვაციებსა და მაღალ ტექნოლოგიებს ეფუძნება, თუმცა, ქვეყანას საკმარისი სოფთვეარ დეველოპერები არ ჰყავს.
მისივე თქმით, დანაკლისი წლიურად დაახლოებით 15 ათასი დეველოპერია, ამიტომ ინვესტორები გამოთქვამენ სურვილს, დანაკლისი ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით შეავსონ. ამისთვის თბილისში ისრაელის ტექნიკური ჰაბი დაფუძნდა.
„ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. ეს ახლა ჰაიტექ სფეროა. ისრაელში, ჩვენი ეკონომიკა სწორედ ამ სექტორზე დგას, თუმცა, ჩვენ არ გვყავს საკმარისი დეველოპერები და სპეციალისტები. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც მზად არიან კომპიუტერულ უნარებს დაეუფლონ. სწორედ ამიტომ, თბილისში გაიხსნა ისრაელის ტექნიკური ჰაბი, რომელიც უკვე ატრენინგებს ახალგაზრდებს. ყველა მათგანს გარანტირებული აქვს ონლაინ სამსახური ისრაელის ჰაიტექ კომპანიებში. მათ არც კი მოუწევთ ქვეყნის დატოვება და შესაძლებლობა ექნებათ, რომ ამ კომპანიებს თბილისიდან მოემსახურონ. ეს არის სფერო, რაც გვინდა გავაფართოვოთ საქართველოში, რადგან ამჟამად, რეგიონში არსებული კონფლიქიტის გამო, უკრაინელი და ბელარუსი პროგრამისტები ვეღარ ემსახურებიან ისრაელის კომპანიებს. ეს ძალიან ტრაგიკული ვითარებაა, მაგრამ ქართველ პროგრამისტებს შეუძლიათ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ“- აცხადებს რან გიდორი „ბიზნესპარტნიორთან“.