ისი-პარი: პრემიუმ ხარისხის სუნამოები ყველაზე გაყიდვად პროდუქტად რჩება
2022 წელი პარფიუმერული ბიზნესისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. კომპანიები გაყიდვების პანდემიამდელ მაჩვენებლებს უკვე დაუბრუნდნენ და გასულ წელს ზრდაც კი აჩვენეს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია "ისი-პარის" კონტენტის მენეჯერმა, ლინა ქალდანმა განუცხადა, დარგისთვის, პანდემიასთან ერთად, გამოწვევა აღმოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომიც, რომელმაც პირველი რამდენიმე თვე, ბაზარზე ქაოსი გამოიწვია, შექმნა ლოგისტიკის პრობლემები - თუმცა, "ისი-პარიმ" არსებულ რეალობასთან ადაპტირება მალევე მოახერხა და ქვეყანაში პარფიუმერული პროდუქციის იმპორტი არ შეფერხებულა.
„საერთაშორისო ბრენდებთან აქტიური კომუნიკაციით მოვახერეთ ის, რომ ჩვენს მომხმარებელს ინტენსიურად ვაწვდიდით ყველა იმ პროდუქტს, რაც ომამდეც წარმოდგენილი იყო ისი-პარიში. ცხადია, 2022 წელი იყო გამოწვევებით სავსე,თუმცა ამავდროულად, ძალიან წარმატებულიც. პანდემიის შემდეგ, ამოსუნთქვა შევძელით და გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებლებზე გასვლაც მოვახერხეთ.
მაგალითისთვის, 2022 წელს გაყიდვები 23%-ით გაგვეზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის პერიოდში, მხოლოდ პარფიუმერიის გაყიდვები ხორციელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების გაყიდვებმა კი დაიწია, ვინაიდან, ონლაინ გაყიდვებზე ვიყავით ორიენტირებული და მომხმარებლები მხოლოდ მათთვის ნაცნობ პროდუქტებს ყიდულობდნენ. 2022 წელი კი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ სამივე სეგმენტში გაიზარდა მოთხოვნა და გაყიდვები“, -აღნიშნა ლინა ქალდანმა.
მისივე ინფორმაციით, "ისი-პარის" შემთხვევაში, პარფიუმერიაში, პრემიუმ ხარისხის ლუქს სუნამოები ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად პროდუქტად რჩება.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 22 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების სუნამო და ტუალეტის წყალი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით, ორნიშნა ზრდას აჩვენებს. საიმპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში პროდუქციის მოცულობისა და ღირებულების მიხედვით: საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, რუსეთი და ბელგია ლიდერობენ.