ისი-პარი: გაყიდვები დაბალ სეგემენტზე მეტად, ლუქს კატეგორიაში გაიზარდა
პანდემიამ გარკვეული გავლენა ფარმაცევტულ კომპანიებზეც მოახდინა. პანდემიის შედეგებსა და მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე „ისი-პარის“ დირექტორი მაია პაპალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი განმარტებით, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ხშირად დადიოდა და სხვადასხვა პროდუქციას იქ ყიდულობდა, პანდემიის შეზღუდვების გამო, ქვეყნოდან ისე აქტიურად ვეღარ გადის და პარფიუმერული პროდუქციის შესაძენად „ისი-პარის“ მაღაზიებს უფრო ხშირად სტუმრობს.
„გაყიდვები ლუქს სეგმენტში უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე დაბალ სეგმენტში, რადგან ამ კატეგორიის მომხმარებელი პარფიუმერულ პროდუქციას უფრო მეტად ყიდულობს აფთიაქებში. სააფთიაქო ქსელებს იმაზე მეტი ფასდაკლება აქვთ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ (არ ვიცი რის ხარჯზე, მაგრამ აქვთ ამის საშუალება, მომხმარებელს 50-70%-იანი ფასდაკლებები შესთავაზონ). აქვე უნდა ითქვას, რომ საშუალო და დაბალ სეგმენტშიც გაყიდვები ძალიან შემცირებული არ არის. ლუქსში გაყიდვების მატება შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ამ ნაწილში ჩვენს ქსელს საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვს,“ - აცხადებს პაპალაშვილი.
ისი-პარის დირექტორი გაყიდვების ზოგად მაჩვენებელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 9 თვის რეალიზაციის მაჩენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის იდენტურია.
მისი ინფორმაციით, ლოკდაუნების დროს კომპანიამ დროულად მოახერხა ადაპტირება იმ პირობებთან, რაც მაშინ ქვეყანაში შეიქმნა. კერძოდ, მაქსიმალურად მოკლე დროში ამოქმედებულმა მიწოდების სერვისმა კომპანია მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანა.
„დაკეტვის შემდეგ მუშაობდა ცხელი ხაზი, სადაც 65 ადამიანი იყო დასაქმებული, ჩვენვე ვახორციელებდით ამ პროდუქციის სახლში მიწოდებასაც. ამ მიმართულებით ახლაც ვმუშაობთ და განვითარების პერსპექტივასაც ვხედავთ. შეიქმნა ვებ-გვერდი, რომლითაც ონლაინ გაყიდვები ხორციელდება,“ - აცხადებს პაპალაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანია „ისი-პარი“ მომხმარებელს სხვადასხვა აქციას სთავაზობს, რათა მათზე მორგებული ფასები და პროდუქცია გაყიდვების სტიმულირების საფუძველი გახდეს.
როგორც პაპალაშვილი აცხადებს, კომპანიამ მოახერხა სრულად შეენარჩუნებინა თანამშრომლები და ახალი პროექტებიც განეხორციელებინა.
შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი-პარის“ სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობა. დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარის“ 18 მაღაზიაა წარმოდგენილი. 2022 წლის დასაწყისისთვის კომპანია ბაზარზე 20 მაღაზიით იქნება წარმოდგენილი, ქსელს დაემატება მაღაზიები რუსთავსა და თელავში.
“ისი-პარის“ მაღაზიებში 80-მდე პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier და სხვა.