IRDA ბაზარზე ჩანთა ტრანსფორმერის გამოტანას გეგმავს
ქართული ბრენდი IRDA თითქმის 5 წელია ბაზარზეა და მომხმარებლბეს ქართულ თემატიკაზე შექმნილ სამკაულებს და ტყავის აქსესუარებს სთავაზობს.
კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ IRDA–ს პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა.
„სულ მალე მომხმარებლებს შევთავაზებთ ჩანთა ტრანსფორმერსაც, რომელიც საკმოდ დიდი ხანია დაგეგმილია, თუმცა ამ ეტაპამდე ვერ განვახორციელეთ. ასევე, იგეგმება ნაქსოვის და ტყავის შერწყმით ახალი დიზაინის აქსესუარები.
პანდეემიიდან გამომდინარე მაღაზიებთან აღარ ვთანამშრომლობთ. ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე, სოციალურ ქელებზე ვართ ორიენტირებული. რეგისტრირებული გვაქვს ონლაინ მაღაზია გლობალურ ხელნაკეთებით მოვაჭრე პლატფორმაზე etsy.com და დამოუკიდებლადაც ვყიდით პროდუქციას საზღვარგარეთ,“ - აღნიშნავს ირინა ყორშია.
IRDA–ს სახელოსნოში ამ ეტაპზე იქმნება საფულე, საბარათე, საპასპორტე, ხელჩანთა, წელისჩანთა, ზურგჩანთა და ა.შ. კომპანია საშუალო საფასო სეგმენტზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. აქსესუარებისთვის გამოყენებული ტყავი ძირითადად ქართული წარმოებისაა, ასევე გამოიყენება თურქული და იტალიური.
“აქსესუარებს პერსონალური დიზაინით ვქმნით, ქართულ თემატიკაზე და ძველი ტრადიციული ორნამენტებით. აგრეთვე ვიყენებთ სხვადასხვა ტექნიკას ტყავის დასამუშავებლად, რაც ძალიან რთული და შრომატევადია, თუმცა შექმნის პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ აზარტში შეყავს ადამიანი," – აღნიშნავს IRDA–ს დამფუძნებელი.
როგორც აღმოჩნდა, საწყის ეტაპზე, კომპანია მხოლოდ სამკაულებზე იყო ორიენტირებული.
“2016 წელს დავიწყე აქსესუარების დამზადება, ეს იყო სუტაჟის ტექნიკით შექმნილი საყურეები, ბროშები, ჩანთები ქალბატონებისათვის და ა.შ. რადგან მოთხოვნადი გახდა აღნიშნული პროდუქცია და ხალხის ყურადღებაც მიიქცია, გადავწყვიტე უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის.
2 წლიანი მუშაობის შემდეგ გავაკეთე მცირე კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჩემს რეგიონში ტყავის მიმართულებით არავინ მუშაობდა. გავაფართოვე სახელოსნო და დავიწყე ქართული წარმოების ნატურალური ტყავისაგან ქალისა და მამაკაცის აქსესუარების შექმნა. ამ ყველაფერში არაერთ საგრანტო კონკურსში გამარჯვება დაგვეხმარა.“–აღნიშნავს ირინა ყორშია.