ბიზნესი
03/11/2021

ირაკლი იაშვილი: შემოვიღოთ რეგულაცია, აუცრელმა არ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით

„ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც ბოლო პერიოდში საკამოდ დამძიმდა ეპიდემიოლოგიური მდგომრეობა, მთავრობამ საკმაოდ მკაცრი რეგულაციები უნდა გაატაროს.

ბიზნესმენი გამოსავალს „მწვანე ბარათების“ ამოქმედებაში ხედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას „ლოქდაუნის“ გზით სიარული მოუწევს, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას,კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს.  

“ბევრნაირი გამოცდილება არსებoბს, ევროპაში აქვთ უკვე ეს გამოცდილება, უკრაინამ აუცრელი საზოგადოების ტრანსპორტში ასვლა აკრძალა. ჩვენთან ასეთი რამე რომ გააკეთო, დაიწყება, რომ ადამიანების უფლებები ილახება და ასე შემდეგ. მე „მწვანე ბარათების“ ამოქმედების მომხრე ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ისევ „ლოქდაუნი“. მაშინ დავუბრუნდეთ შარშანწინდელ მდგომარეობას, დავხუროთ ყველაფერი და მოვსპოთ ბეწვის ხიდზე გავლილი ეკონომიკა, ახლა კიდევ რომ დავკეტოთ ვეღარც გავაღვიძებთ, ამას პირდაპირ გეუბნებით. აუცილებელია მკაცრი რეგულაციების შემოღება, სხვა ალტერნატივა არ არსებობს,“ - აცხადებს იაშვილი.

მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა გაჩერდეს, არამედ,  მხოლოდ იმან უნდა ისარგებლოს, ვინც ვაქცინირებულია ან ბოლო 3 დღის განმავლობაში PCR ტესტის შედეგად უარყოფითი პასუხი აქვს.

„ყველა ქვეყანამ რაღაც გზა გამონახა და ჩვენ ვერცერთი გზას ვერ დავადექით. დღეს ვართ სრულ უმოქმედობაში და უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. უმოქმედობის შედეგი და ალტერნატივა არის  სრულ ჩიხში შესვლა.  6 000-ს აცდა დღიური ინფიცირების რიცხვი. გასაგებია, არ იცრება, მაგრამ დიდი ბოდიში და ნუ შევა ტრანსპორტში და დახურულ შენობაში, იაროს სუფთა ჰაერზე ფეხით, აბა რა გავაკეთოთ?“ - აცხადებს იაშვილი.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ მეორე ამბავია როგორ მოხდება ამის ადმინისტრირება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამაში გარკვეული ფინანსური რესურსები ჩაიდოს.

„ეს ემპირიული გამოცდილება მსოფლიომ შეიძინა. შარშან ევროპალიგაზე ფეხბურთის თამაშებს რომ ვუყურებდით, სტადიონი ცარიელი იყო, ახლა სავსეა და არავის პირბადე არ უკეთია. რატომ? იმიტომ რომ აიცრა ხალხი და შეეგუა ამ ამბავს, იცავენ რეგულაციებს და გავიდნენ ბოლოში. ჩვენ ალბათ ჯერ დასაწყისში ვართ. მთავრობამ ეს მკაცრად უნდა გააკონტროლოს. დასრულდა არჩევნები, ახლა უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, არამარტო ამ მიმართულებით, არამედ, ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა. დღეს არის საომარი მოქმედება, ეს არის ფორსმაჟორი, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღევვა,“ - აცხადებს იაშვილი.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6024  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49  პაციენტი.

გუშინ, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს მთავრობას მიმართა და  „მწვანე ბარათების“ ამოქმედებისკენ მოუწოდა.