ირაკლი იაშვილი: გამოძინებული მოხელე ვერაფერს ახერხებს და გამოუძინებელი რას იზამს?
„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამუშაო საათების შეცვლა კარგი ინიციტივაა, თუმცა ჩვენთან გარკვეული ბარიერები რამდენად გადაილახება, ეს ცალკე განხილვის საგანი უნდა გახდეს.
„გამოძინებული მოხელე ვერაფერს ახერხებს და გამოუძინებელმა რა უნდა ქნას? პირდაპირ ეკონომიკურ ინდექსთან ამას რა კავშირი აქვს არ ვიცი, მაგრამ მთელი ევროპა ასეა, მთელი საქმიანი მსოფლიო სამუშაო დღეს 08:00 საათზე იწყებს და ადრე ასრულებს, ამის შემდეგ კი თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეში არის ადამიანების ბრუნვა და რა თქმა უნდა უკეთესია. ჩვენთან რა იქნება არ ვიცი, თუმცა, ცუდი ნამდვილად არ იქნება და არც წინააღმდეგი ვიქნები,“ - აცხადებს იაშვილი.
მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში ერთ-ერთ პრობლემას მენტალობა შექმნის, რადგან ქართველები ღამის ცხოვრების მოყვარული ერია, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ ინიციატივასთან, რაც გაჟღერებულია.
„ბარიერის გადალახვა ცოტა რთული იქნება, რადგან ღამის ცხოვრებას უნდა დაემშვიდობოს გარკვეული ნაწილი. იდეის ავტორის ინდუსტრიას ეს რამდენად არგებს, არ ვიცი. მგონია, პირიქით, იმიტომ რომ სარესტორნო ინფუსტრიას მუშაობა ზუსტად გვიან ღამე აქვს. ალბათ შესწავლილი აქვს, რადგან ეს ინიციატივა აქვთ, თუმცა არგუმენტები სჭირდება. სუფთა ემოციურად კარგია, რატომაც არა, მაგრამ, ეს ჩვენთან რისი მომტანი იქნება, რეალურად დასათვლელი და გასააზრებელია,“ - აცხადებს იაშვილი.
შეგახსენებთ, რესტორატორთა ასოციაცია სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის. როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპარტნიორის“ დილის გადაცემაში განაცხადა, კარგი იქნება თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. ბურჯანაძის მოსაზრებით, ეს ადამიანებში ბედნიერების ინდექსს გაზრდის და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.