ირაკლი იაშვილი: 2021 წელს საზღვაო ლოგისტიკაში ყველაფერი თავდაყირა დადგა
„ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წელს ბიზნესისთვის ძალიან რთულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს თავდაყირა დადგა ყველაფერი, რაც „ისთ გეით ჯგუფზეც“ ნეგატიურად აისახა.
„შეიძლება იყო დარგები, რომლისთვისაც პანდემია კარგად აისახა, ჭარბი შემოსავლები მიიღეს, საუბარია მაგალითად საზღვაო ინდუსტრიაზე, საჰაერო გადაზიდვებზე. ამ დარგებმა მოულოდნელად დიდი შემოსავლები მიიღეს.
თუმცა, ენერგეტიკისთვის მაგალითად, კატასტროფული წელი იყო, „ნამახვანჰესის“ პროექტი ჩავარდა, ვერცერთი საშუალო ენერგეტიკული პროექტი წინ ვერ მიდის.ქვეყანაში ყველაფერი არასწორადაა ორგანიზებული,“-აცხადებს იაშვილი.
მისი ინფორმაციით,დაუსრულებელ პანდემიას მიმდინარე წელს ემატებოდა პოლიტიკური კრიზისიც, აბსოლუტურად თავდაყირა დადგა ყველაფერი საზღვაო ლოგისტიკაშიც.
„ლარი ჩვენთან ისე არ გაუფასურებულა, როგორც ჩვენს მეზობელთან. მაგალითად,თურქეთში ფაქტობრივად 100%-იანი გაუფასურებაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ჩვენთან კი პირიქით მყარდება. ცოტა მიკვირს, როგორ ხდება ეს, მაგრამ დაახლოებით ვხვდები. დიდია ფულადი გზავნილების მოცულობები.ბოლო პერიოდში ლარი კი მყარდება,მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ისეა გაუფასურებული, რომ ეს ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.
გაძვირდა გადაზიდვები. ამიტომ ქართველ იმპორტიორებს მოუწიათ შესყიდვების ახალ სტრუქტურაზე ფიქრი - არა ჩინეთზე, არამედ ისეთ ქვეყნებზე, საიდანაც ტრანსპორტირება უფრო მარტივია. ამდენი შოკების გამო დაირღვა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი, პოლიტიკურიც და არაპოლიტიკურიც, ამის გათვალისწინებით რა ბიზნესგარემოზეა საუბარი,“-აცხადებს იაშვილი.
მისივე განმარტებით,2021 წელს ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში არსებული ბიუროკრატიული პროცესები იყო. იაშვილის შეფასებით,ქვეყანაში გადაწყვეტილებები თითქმის არ მიიღება.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ბიზნესი ზეჭარბადაა დამოკიდებული სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე. ნატვრად რჩება, რომ ქვეყნის ადმინისტრაციაზე ბიზნესი ნაკლებად იყოს დამოკიდებული.დარგი არ არის, სადაც არ იკვეთები და როცა იკვეთები,ყველგან სირთულე და პრობლემაა.
„ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელ 2022 წლის მოლოდინებზეც საუბარი უჭრის და აცხადებს, რომ გლობალურად,თუ პანდემიამ უკან დაიხია და ბაზრებზე სიტუაციის გამოსწორება დაიწყო, მაშინ შეიძლება პოზიტიური ძვრები ჩვენს ქვეყანაშიც დაფიქსირდეს.
„საზღვაო მიმართულებაზე ახლა საქართველო პრიორიტეტულად არ ითვლება. ტვირთები გადანაწილებულია ჩინეთი ევროპას შორის.მთელი ეს ტვირთბრუნვა, გემები, საკონტეინერო სექტორი მიმართულია ძირითად მარშრუტებზე, ჩვენ პრიორტეტში არ ვართ, დერეფნის ბოლოში ვართ. ეს ყველაფერი როდესაც დალაგდება, გაიწერება მარშრუტები და დაბალანსდება მოთხოვნა - მიწოდება და ქვეყანა დაუბრუნდება 2019 წლის მაჩვენებელს, შემდეგ უკვე ჩვენი მიმართულებითაც პოზიტიური ძვრები იქნება,“-აცხადებს იაშვილი.