ინტელექტუალური საკუთრება და ბიზნესი - საქპატენტი კომპანიებს ახალ სერვისს სთავაზობს
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები მცირე და საშუალო ბიზნესში - საქპატენტი ქართულ კომპანიებს ახალ სერვისს სთავაზობს. IP scan ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკაა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დახმარებით ინერგება.
სერვისი მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებს დაეხმარება არამხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით არამედ, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავების, ინტელექტუალური საკუთრების პორტფოლიოს შექმნასა და განვითარებაში.
სერვისის არსი მდგომარეობს შემდეგში: ექსპერტები სწავლობენ SME-ების ბიზნეს მოდელს, პროდუქტებს და სერვისებს, ახორციელებენ მათ ანალიზს და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების იდენტიფიცირებას, რომლის შემდგომ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით უწევენ კვალიფიციურ კონსულტაციებს, როგორ განახორციელონ ინტელეტუალური საკუთრების დაცვა და მის შემდგომ მენეჯმენტი.
სერვისის დანერგვის უზრუნველსაყოფად უცხოელი ექსპერტების, კერძოდ, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ექსპერტების მიერ მიმდინარეობს საქპატენტის თანამშრომლების გადამზადება წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად SMEs-თვის. ეს სერვისი ფართოდ არ არის გავრცელებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა გამორჩევა რამდენიმე ქვეყანა რომელსაც აქვს ამ მიმართულებით ძალიან კარგად განვითარებული მომსახურება და გამოცდილება. ეს არის შესაძლებლობა საქპატენტისთვის, რათა თავი დაიმკვიდროს ევროპაში იმ რამდენიმე ინტელეტუალური საკუთრების უწყებას შორის, რომელიც ავითარებს IP scan სერვისს მცირე და საშუალო ბიზნესის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების და ევროპის საპატენტო უწყების ჩატარებული კვლევების მიხედვით კომპანიები, რომლებიც ფლობენ, სულ მცირე, ერთ პატენტს, რეგისტრირებულ დიზაინს ან სასაქონლო ნიშანს, ქმნიან 20%-ით უფრო მაღალ შემოსავალს თითოეულ დასაქმებულზე იმ ფირმებთან შედარებით, რომლებიც არ ფლობენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ასევ დადგინდა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ფლობენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, საშუალოდ 19%-ით მაღალ ხელფასებს უხდიან თავიანთ თანამშრომლებს სხვა კომპანიებთან შედარებით.
ასევე, წარმოებები, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, როგორებიცაა პატენტები, სასაქონლო ნიშნები, დიზაინები და საავტორო უფლებები, ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 45%-ს (6.6 ტრილიონი ევრო) ევროკავშირში ყოველწლიურად და 63 მილიონ სამუშაო ადგილს (მთლიანი დასაქმების 29%). კიდევ 21 მილიონი ადამიანია დასაქმებული სექტორებში, რომლებიც ამარაგებენ ამ წარმოებებს საქონლითა და მომსახურებებით.
ევროპის ყოველი ათი დიდი კომპანიიდან თითქმის ექვსი ფლობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, მცირე და საშუალო საწარმოების 9%-ს გააჩნია პატენტი, რეგისტრირებული დიზაინი ან სასაქონლო ნიშანი. წარმოებებში, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, დასაქმებულია ყოველი სამი ადამიანიდან ერთი ადამიანი ევროკავშირში. ეს წარმოებები იხდიან 47%-ით უფრო მაღალ ხელფასებს სხვა სექტორებთან შედარებით.