ბიზნესი
20/04/2022

ილია გეფერიძე: არა რუსეთის ბაზარს, ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ

რუსეთ-უკრაინის ომმა და მისგან გამოწვეულმა კრიზისმა პრობლემები საქართველოშიც შექმნა.კერძო სექტორი აქტიურად საუბრობს ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე.

Gepherrini-ს დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია  რუსეთსა და უკრაინაშიც  იყიდებოდა, თუმცა, მისი წილი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 8%-ს შეადგენდა.

“მაქსიმალურად ვცდილობდით ბაზრების დივერსიფიცირებას, გვინდოდა რომ რუსეთში ნაკლები გაყიდვები გვქონოდა. ყოველთვის გვქონდა მოლოდინი, რომ რაღაც მოხდებოდა და გამართლდა კიდეც,“-აცხადებს გეფერიძე.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა კომპანია სამომავლოდ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას, გეფერიძე აცხადებს, რომ Gepherrini აღარ აპირებს აღნიშნულ ბაზარზე შესვლას.

„ვფიქრობ, რომ არამარტო ჩვენ, ზოგადად, ქართულმა კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ  ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინონ. არა რუსეთის ბაზარს - ამ სლოგანით უნდა მოქმედებდეს ყველა ქართული კომპანია. მესმის, რომ მაგალითად, ღვინის სექტორი და სხვა ქართული პროდუქტები  რუსეთის ბაზართან საკმაოდ დაკავშირებულია, თუმცა, რაღაცნაირად უნდა შევძლოთ  ამ ჭაობიდან ამოძრომა,“-აცხადებს გეფერიძე.

მისი ინფორმაციით, კომპანიას პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს.