ბიზნესი
24/05/2021

იგორ აფციაური ავიაციის 5 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. უწყების ცნობით, მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ქართული საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური დანიშვნას ლოგიკურს უწოდებს და „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამის მოლოდინი მათ გასულ წელსაც ჰქონდათ.

"თუ არ ვცდები, ეს პირველი დანიშვნაა, როცა კადრი პირდაპირ ავიაციის და ტურიზმის სფეროდან მოდის. მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოადგილეს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ეს გამოწვევების და პრობლემების მოგვარებას უფრო ეფექტიანს გახდის. პრობლემები კი სფეროში პანდემიამდეც იყო. ყველაზე მთავარი, რაც ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს, ერთიანი ავიაციის სტრატეგიის - მინიმუმ 5 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა,“ - აცხადებს იგორ აფციაური.

მისი განმარტებით, ამგვარი დოკუმენტი ყველა იმ ქვეყანას აქვს დეკლარირებული, ვისთვისაც ტურიზმი პრიორიტეტულია. გეგმა უნდა მოიაზრებდეს, ერთი მხრივ, პანდემიური პედრიოდის გადალახვას და მეორე მხრივ - შემდგომ განვითარებას.

"ქვეყანაში საავიაციო კუთხით ევრორეგულაციები ინერგება და მეტი ავიაკომპანიის შემოყვანის სამუშაოებიც ტარდება, თუმცა ეს ერთიანი საავიაციო გეგმის მხოლოდ ერთ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი ნაწილი გულისხმობს აქტივობებს - როგორ უნდა გადარჩეს მთლიანად დარგი. ეს ეხება როგოც ავიაციას, ისევე ტურიზმს. არის კონკრეტული სტრატეგია დასადები ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, აეროპრტებისთვის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვდგავართ დღეს და სად ვიქნებით 5 თუ 10 წლის შემდეგ. მზად ვართ, მთავრობასთან და მინისტრის ახალ მოადგილესთან ერთად ამ თემებზე მუშაობა გავაგრძელოთ,“ - აცხადებს იგორ აფციაური.