ბიზნესი
01/04/2022

ICR ჯგუფმა ფეხსაცმელების ახალი ბრენდი "სკარპიერა" შექმნა

ICR ჯგუფმა ფეხსაცმელების ახალი ბრენდი და მაღაზიათა ქსელი “სკარპიერა“ შექმნა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განუცხადა, ბრენდი მამაკაცის და ქალის ფეხსაცმლის ახალ ხაზს აერთიანებს. პროექტში დაახლოებით $500 000-ის ინვესტიცია განხორციელდა. 

პროდუქცია ბაზარზე 2022 წლის მარტში გამოვიდა და ICR ჯგუფის მიერვე დაფუძნებულ „სკარპიერას“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. ამ დროისთვის ICR ჯგუფს "სკარპიერა" 5 მაღაზიას აერთიანებს (4-თბილისში, 1 - ბათუმში). 

„პროდუქცია ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში (ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი) იწარმოება, დიზაინს კი ჩვენ ვქმნით, თუმცა, ეს Made in Georgia არ არის,“ - აცხადებს ხაზარაძე.

ფეხსაცმელების საშუალო ფასი 70 აშშდოლარია.

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. 

მათ შორის, ICR ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: "ჯეოქსი" (იტალია), "ეკკო" (დანია), "ბატა" (იტალია), "ბამბინო" (წარმოადგენს ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების საბავშვო ფ ეხსაცმლის ხაზებს, როგორებიცააა: "ეკკო","ჯეოქსი","ბატა", "ნატურინო", "სტარი" და სხვა), "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა (მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებია: Paul Smith, Emporio Armani, Bikkembergs, Pollini, Premiata, Rick Owens, Philippe Model,Paciotti, Dries Van Noten, Richmond, SGL, Marni, Maison Margiela, Hotto და სხვა.), "კორსო იტალია", "ავ-ლაბი" ("ბატას" ჯგუფის წევრი).