ICR ჯგუფმა ავეჯის და აქსესუარების 3 ახალი საერთაშორისო ბრენდი შემოიყვანა
ICR ჯგუფმა ავეჯის ახალი, საერთაშორისო ბრენდები შემოიყვანა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განუცხადა, საუბარია, 3 საერთაშორისო ბრენდზე.
მათ შორის, ავეჯის და აქსესუარების თურქული კომპანია Mudo, გარე ავეჯის ფრანგული კომპანია Naterial-ი, განათების სისტემების ჰოლანდიური კომპანია lith&living-ი.
ხაზარაძის განცხადებით, აპრილში ყველა ეს ბრენდი ეტაპობრივად გაიხსნება.
ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
ავეჯის ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია ბრენდებით: „ლაბორატორია ჩემი სახლი“ (საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯის მიმართულების პირველი კომპლექსური პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ნებისმიერი სურვილის, ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული პროექტის განხორციელებას), „მობლერი“ (წარმოდგენილი კოლექციების დიზაინი იქმნება ევროპაში და იწარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), KARE (გერმანული ბრენდი), „იტალიური შოურუმი ლაბორატორია“.