ICR ჯგუფი: თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, წლის ბოლომდე მაღაზიების 10%-ის დახურვა მოგვიწევს
ICR ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე მაღაზიების 10%-ის დახურვას აანონსებს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, მიზეზი პანდემიის გამო შემცირებული რეალიზაცია და გაზრდილი ხარჯებია.
„როდესაც გამოცხადდა პირველი ლოქდაუნი ვაწარმოეთ მოლაპარაკება როგორც კერძო დამქირავებლებთან, ასევე სავაჭრო ცენტრებთან. მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებას. ახლაც ასეთივე პროცესში ვართ. მოლაპარაკებების 70-80%-ში შეთანხმებას ვაღწევთ. ზოგიერთ შემთხვევაში მოლაპარაკებას ვერ ვაღწევთ, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და გარკვეული ობიექტების დახურვას ვგეგმავთ, ვამცირებთ ქსელს. წელს ვფიქრობთ, რომ თუ არსებული ვითარება არ გამოსწორდა, მაღაზიების 10%-ის დახურვა მოგვიწევს. მათ შორის მაგალითად, მოხვდება „კორსო იტალიის“ მაღაზიების ნაწილი. ამ ეტაპზე „კორსო იტალიის“ 21 ობიექტი გვაქვს ქვეყნის მასშტაბით და ვფიქრობთ, მათგან 3-4-ის დახურვა მოგვიწევს. მაგალითად, საუბარია ახალციხისა და ოზურგეთის ფილიალზე. თბილისს ამ ეტაპზე არ ვეხებით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ერთი ობიექტი თბილისშიც მოვაკლოთ,“ - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.
მისივე განცხადებით, კომპანიამ გასული წელი ზარალით დახურა. მიმდინარე წლის შედეგთან დაკავშირებით კი ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია.
„შარშანდელი წელი ჩვენ ზარალით დავხურეთ. წელს ვცდილობთ, რომ ხარჯები მაქსიმალურად შევამციროთ. ყველაზე ბოლო შემთხვევაში საუბარი იქნება პერსონალის შემცირებაზე. გასული წლის ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში პერსონალის 10%-იანი შემცირება გვქონდა. დანარჩენი კადრები მაქსიმალურად შევინარჩუნეთ,“ - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.