ICI PARIS: საახალწლოდ მაღაზიის გახსნის გარეშე მომხმარებლების მომსახურებას ვერ შევძლებთ
პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ICI PARIS გენერალური დირექტორი მაია პაპალაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას მაღაზიების დახურვასთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი განცხადებით, ახალი შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი იყო და იმის მიუხედავად, რომ ეს ბიზნესისითვის დიდი დარტყმაა, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
„კარგია, რომ იმის საშუალება მაინც მოგვცეს დეკემბრის თვეში ვიმუშაოთ, რადგან შესყიდვების ყველაზე მაღალი აქტივობა სწორედ ახლაა და შევძლებთ ჩვენი სერვისი, პროდუქცია მომხმარებლებს შევთავაზოთ. ძალიან რთული იყო მიწოდების (ე.წ დელივერი) და ონლაინ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ რადგან თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს მოსალოდნელი იყო, კომპანია მომზადებული შეხვდა შეზღუდვებს და ნორმალურად უძღვება ამ სიტუაციას. შემოსავლები არ არის ისეთი როგორც ადრე, მაგრამ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. გაყიდვების დაახლოებით 70 %– იანი კლებაა.“– აღნიშნავს მაია პაპალაშვილი.
მისი ინფორმაციით, საახალწლოდ მაღაზიის გახსნის გარეშე მომხმარებლების მომსახურებას ვერ შეძლებენ.
25 000 ტრანზაქციაა მოსალოდნელი, რომელსაც მიწოდების სერვისი უბრალოდ ვერ გაწვდება, ამიტომ კომპანიისთვის ახალი წლის დღეებში მაღაზიის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლაც 50 ადამიანი მხოლოდ ცხელ ხაზზე მუშაობს, მთელი კადრიც რომ ჩავრთოთ, ფიზიკურად ვერ მოვემსახურებით ამდენ მომხმარებელს.“ – აცხადებს მაია პაპალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს. მათ შორის, დროებით დაიხურა სავაჭრო ცენტრები (მოლები) და არასასურსათო მაღაზიები.