იაგოს ღვინო: უკრაინაში Good Wine-ის საწყობი, $15 მლნ-ის პროდუქციით, დამწვარია
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ღვინის ქართული ბაზარი კრიზისის მოლოდინშია.
„იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ღვინის ბიზნესზე შესაძლო გავლენაზე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთში „იაგოს ღვინო“ თითქმის არ იყიდება, ის წარმოდგენილია უკრაინაში არსებულ ღვინის მაღაზია Good Wine-ში, სადაც პერიოდულად გაგზავნილ მცირე პარტიებს. შესაბამისად, დიდ ზარალს ბიტარიშვილი არ ელოდება.
„მაღაზია კიევსა და დონეცკში მდებარეობდა, სამწუხაროდ, საწყობი სრულად დაიწვა, განადგურდა 15 მილიონი დოლარის პროდუქცია. უკრაინაში ღვინის კულტურას სწორედ ეს კომპანია ქმნიდა. ატარებდნენ საგანმანათლებლო სამუშოებს, მათ შორის, სემინარებს, ფესტივალებს. ჩვენც ვცდილობდით მცირე ასორტიმენტიდან ღვინო მიგვეწოდებინა,“ - აცხადებს ბიტარიშვილი.
„იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ბაზარზე მეტად იყვნენ დამოკიდებულნი, საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყება. რთულია და დიდ ინვესტიციებს საჭიროებს, თუმცა, ბაზრის დივერსიფიკაციას ალტერნატივა არ აქვს.
„ორ დიდ საექსპორტო ქვეყანაში გაყიდვების მოკლება, შესაბამისად, აისახება როგორც მთლიან ექსპორტზე, ასევე ინდივიდუალურად, კომპანიების შემოსავალზე, თუმცა, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლაზე გააკეთონ აქცენტი,“ - აცხადებს ბიტარიშვილი.
კომპანია ღვინო "ჩინურს" აწარმოებს და სრულად ექსპორტზე ყიდის. იაგო ბიტარიშვილი აცხადებს, რომ საექსპორტო ქვეყნებს ამ დროისთვის 11 ქვეყანა წარმოადგენს. ესენია: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია, ჰოლანდია,ესპანეთი, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ.
იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში გაშენებული ვენახი აქვს. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ. "იაგოს მარანი" წელიწადში დაახლოებით 5000-6000 ბოთლ ღვინოს ასხავს. ღვინოს კი ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში აყენებს