ბიზნესი
20/10/2021

Hyatt Centric Boulevard Batumi-ს სამშენებლო სამუშოები აქტიურ ფაზაშია

დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ ბათუმში “ალიანს ცენტროპოლისს” 2025 წელს გახსნის. საუბარია, ბათუმში, ე. წ ლუჟკოვის სახლზე, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ მოსკოვის ყოფილ მერს აუშენა.

„ალიანს ჯგუფში“ აცხადებენ, რომ კომპანიამ ობიექტი შეისყიდა, მოხდა მისი დემონტაჟი და მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის დროს, აპრილ-მაისში დაიწყო.

როგორც „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თემო ბიწაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, “ალიანს ცენტროპოლისი” აერთიანებს 5*-იანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსა და კაზინოს, მასში განთავსდება პირველი WTC საგამოფენო ცენტრი რეგიონში; მოიცავს ასევე საინვესტიციო აპარტამენტებს და A კლასის ბიზნესცენტრს (რომელიც ბათუმში არ არის) და A კლასის სავაჭრო ცენტრს.

მისივე განცხადებით, კომპლექსში გაიხსნება 180 ნომრიანი  სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ც. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს მისი მეცხრე ობიექტი იქნება.

როგორც ბიწაძე აცხადებს, საძირკველის სამუშაოები უკვე ბოლო ფაზაშია და  დაახლოებით 2-3თვეში დასრულდება.

პროექტი მოიცავს 10 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონას, 3 დონიან მიწისქვეშა პარკინგს, უმაღლესი კლასის რესტორნებს და ბარებს, გასართობ ცენტრს და კინოთეატრს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, საცურაო აუზებს.

ამ ეტაპზე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 380 მლნ დოლარია, თუმცა მისი საბოლოოლ ჯამური ღირებულება 450-470 მლნ დოლარი იქნება. ბიწაძის განცხადებით, პროექტში საფინანსო პარტნიორი „საქართველოს ბანკია“.