ბიზნესი
10/04/2023

HT solutions: USAID-ის ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში სტუდენტებს დავასაქმებთ

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

USAID-ი ახალგაზრდული პროექტის - "გოგოები ცვლილებებისთვის" მესამე ეტაპს იწყებს, სადაც სტუდენტ გოგოებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ და აიმაღლონ ცოდნა საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის, PR სტრატეგიების, ბიზნესის მართვის, ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ და განივითარონ ლიდერული უნარები პროფესიონალების დახმარებით.

HT solutions-ი IT კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე IT ინფრასტრუქტურას, კიბერუსაფრთხობას, ქლაუდ სისტემებსა და სხვა სერვისებს უზრუნველყოფს. წელს კომპანია პირველად შეუერთდა USAID-ის პროგრამას. 

"პროექტში ჩართული ვართ, როგორც გამოცდილების გაზიარების კუთხით, ასევე ვგეგმავთ სტუდენტების მოწვევას, იმისთვის, რომ ჩვენს ორგანიზაციაზე, IT ბაზრის განვითარებაზე და ჩვენს სხვა პროექტებზე მიიღონ მეტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, თუ დაინტერესდებიან ტექნოლოგიების სფეროთი, ჩვენი მხრივ ხელს შევუწყობთ მათ, დავასაქმებთ და გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას,"- აცხადებს HT solutions-ის მმართველი პარტნიორი ნინო გვაზავა. 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის ტენდენციებით ქალების ჩართულობა ტექნოლოგიურ სფეროში სულ უფრო იზრდება.  

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) ერთად 2020 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გოგოები ცვლილებებისთვის“.

"ყოველ წელს გოგონების შერჩევა ხდება კონკურსის წესით და ყოველწლიურად შერჩეული გოგოების რაოდენობა იზრდება. პროგრამა წელს ყველაზე მასშტაბურია, შემოვიდა 400-მდე განაცხადი, საიდანაც შევარჩიეთ 60 გოგონა.

რაც შეეხება დასაქმების კომპონენტს, სტუდენტები, რომლებიც პროექტის ბოლოსკენ წერენ განაცხადებს, მათგან ხდება საუკეთესოების შერჩევა და ეძლევათ საშუალება გაიარონ სტაჟირება USAID-ის პროგრამაში ან EBA-ში. 3 თვის შემდეგ ევროპული ბიზნეს ასოციაცია თავის წევრ კომპანიებს აწვდის ინფორმაციას ამ ადამიანებზე, რის შედეგადაც ისინი საქმდებიან.

ამ დროის მონაცემებით, ჯამში 150 მონაწილეში დაახლოებით 25%-იანი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს."-აცხადებს  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელი მაია ერისთავი.