ბიზნესი
27/07/2022

ჰოსპიტალურ სექტორში დავა და 9123 კონცენტრაცია - კონკურენციის სააგენტო 6 თვის შედეგებს აქვეყნებს

სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში დავა და 9123 კონცენტრაცია - ასეთია კონკურენციის სააგენტოს 6 თვის საქმინაობის შედეგები.

როგორც უწყების ანგარიშშია ნათქვამი, სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ დაწყებულ დავის მოკვლევის შედეგად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა. ამის მიუხედავად, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაციები გაიცა.

მოკვლევა დაწყებულია ადმინისტრაციული უწყების მხრიდან შესაძლო დარღვევისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე. ამას გარდა, კვლავ მიმდინარეობს სათარჯიმნო სექტორში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით დაწყებული მოკვლევა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 6 თვის ანგარიში საქართველოში სხვადასხვა კომპანიების შერწყმა/გაერთიანებასაც ეხება. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში 9123 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სააგენტომ ფარმაცევტული, საწვავის და შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრების მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 29 მარტს, საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც 1 ივნისს ძალაში შევიდა. განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას სააგენტო 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს. კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

ანგარიშში საუბარია დაძმობილების, ე.წ. Twinning-ის 2 წლიან პროექტზეც, რომელიც სააგენტომ 1 ივნისიდან დაიწყო. პროექტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე და მომხმარებელთა უფლებებზეა ფოკუსირებული. კონკურენციის სააგენტოს კონსულტაციებს ავსტრიის და ლიეტუვის კონკურენციის უწყებები გაუწევენ.

საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს სასარგებლოდ, სხვადასხვა ინსტანციაში 3 სასამართლო დავა დასრულდა. მიმდინარე წელს 2 კომპანიას ჯამში 60 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

2022 წლის 6 თვის ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ ღონისძიებებში. კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში - აშშ-ს ადვოკატთა ასოციაციის (ABA), ბერლინში - კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) და ბუდაპეშტში -OECD-GVH-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ევროკავშირის სახელით, პროექტში „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ აქტიური თანამონაწილეობისთვის, სააგენტოს სპეციალური ჯილდო გადაეცა. ამავე პერიოდში, უწყების რებრენდინგიც განხორციელდა.