Hobby Georgia საახალწლო კოლექციის პრეზენტაციას 25 დეკემბერს გამართავს
კომპანია Hobby Georgia საახალწლო კოლექციის პრეზენტაციას 25 დეკემბერს "თბილისი მოლში" გამართავს.
Hobby Georgia ქართული ბრენდია და უკვე მეოთხე წელია საზოგადოებას საავტორო დიზაინის ჩანთებით ანებივრებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნინა ლონდარიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, Hobby Georgia ეროვნული ნაწარმის უპირატესობას უსვამს ხაზს, ყოველთვის აოცებს მომხმარებელს.
"ახლაც, საახალწლო კოლექციის წარდგენასთან ერთად უამრავ სიურპრიზებს და ფასდაკლებების სერიას შევთავაზებთ მათ.
2021 წლის დასაწყისში გეგმაში იყო მასობრივი წარმოების მიმართულების განვითარება და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ამ მიმართულებით საწარმო შეუფერხებლად მუშაობს. რაც შეეხება 2022 წელს, უამრავი გეგმა გვაქვს, მაგრან მთავარმა მიზანმა სასიამოვნო მოულოდნელობის ეფექტი რომ არ დაკარგოს, საიდუმლოდ დავიტოვებთ," – აცხადებს ნინა ლონდარიძე.
მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს ბიზნესისთვის უკეთესი გარემოა. ამას ხელს უწყობდა ის ფაქტორიც, რომ Hobby Georgia–ს გაყიდვების 100% ონლაინ სერვისზე მოდის, კომპანიას შეკვეთების მხრივ პანდემიის პერიოდში შეფერხება არ ქონია და თავის დაზღვევის მიზნით, ნედლეულის მარაგებიც შეავსეს.
"Hobby Georgia–ს ჩანთების შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი, გვაქვს საკურიერო მომსახურება ყველა მიმართულებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ. ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას, რომ საზოგადოებას სიახლეები შევთავაზოთ. საწარმოს ორი მიმართულება აქვს ტრადიციული-საავტორო დიზაინის ჩანთების ხაზი და მასობრივი წარმოების მიმართულება. ასევე ვკერავთ უნიფორმებს, სპეც დანიშნულების ტანსაცმელს, მანტიებს უნივერსიტეტებისათვის და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე, ახალი მიმართულების დამატებას არ ვაპირებთ. პანდემიის პერიოდმა გეგმები ოდნავ შეგვიცვალა," – ამბობს Hobby Georgia–ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის შიდა და ორი საერთაშორისო გრანტის მეშვეობით დღეს Hobby Georgia–ს საწარმო სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით.
„მოთხოვნის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა ხელით შესასრულებელი სამუშაოს მანქანა დანადგარებით ჩანაცვლება, სხვაგვარად მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება ბრენდის შექმნის იდეას, ერთ კონკრეტულ დღეს არ მოსულა. თავიდან ვიწრო წრეში ტრიალებდა ჩემი ნამუშევრები, თანდათან მოთხოვნა გაიზარდა და ვიფიქრე, რომ ყველას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა განსაკუთრებული, ქართული აქსესუარი ეტარებინა. ასე შეიქმნა Hobby Georgia და უკვე 4 წელია მომხმარებლებს საავტორო დიზაინის აქსესუარებს ვთავაზობთ.“– აღნიშნავს ნინა ლონდარიძე.