ბიზნესი
14/12/2021

ჰერმან საბო: არავინ გვეკითხება ბიზნესმენი ობიექტში მწვანე პასპორტიანს შეუშვებს, ლურჯთვალებას თუ ქერას 

"გირჩის" წევრი, დეპუტატი ჰერმან საბო ბიზნესობიექტებში "მწვანე ბარათის" სავალდებულო გამოყენებას აკრიტიკებს. 

„კერძო საკუთრება არის სიმდიდრის და ჩვენი კარგად ყოფნის საფუძველი. კერძო საკუთრების დეფინიცია კი არის, რომ ის რაც შენია არის მთლიანად შენი და მას როგორ განკარგავ, მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ხოლო იმ „კარგი მიზნებიდან" გამომდინარე, რომელსაც მთავრობა იყენებს ხოლმე სხვადასხვა შეზღუდვების შემოსაღებად, მთავრობამ გარდა იმისა, რომ ადამიანებს შეუზღუდა ერთმანეთთან ურთიერთობა და უამრავი უფლება, შეზღუდა კერძო მესაკუთრეების უფლებაც. ადამიანების, რომლებსაც თავიანთ საკუთრებაში გახსნილი აქვთ რესტორნები, ბარები და სხვადასხვა დაწესებულებები. მათ თქვენ, სხვადასხვა მიზეზებით თუ სხვადასხვა გეგმებით, შეუზღუდეთ უფლება გამოიყენონ, განკარგონ საკუთარი საკუთრება ისე, როგორც წარმოუდგენიათ რომ უნდათ განკარგონ. ჩემი აზრით არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც თქვენ და არც მე არავინ გვეკითხება ვის შეუშვებს რიგითი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში, მწვანე პასპორტიანს, ლურჯ თვალებას, ქერას თუ ასე შემდეგ. ეს არის ამ ადამიანების პრეროგატივა და ამ ადამიანების უფლება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეზღუდვას ვინც ეწინააღმდეგება იმ ხალხის უმრავლესობამ წლების წინ ტაში დაუკრა, როდესაც მთავრობამ ისეთივე „კეთილი" მოტივებით რესტორნებში მოწევა აკრძალა", -განაცხადა ჰერმან საბომ პლენარულ სხდომაზე. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ელი დეკემბრიდან, "მწვანე ბარათი" ამოქმედდა, რესტორნებს კი საათობრივი შეზღუდვა მოეხსნათ.

მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი

Businesspartner