"გურია ფიშ ფარმინგი" თევზის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს
კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი“ გრიგოლეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „გურია ფიშ ფარმინგის" დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ განუცხადა, პროექტი კომპანიის გრძელვადიანი გეგმაა, თუმცა, რეალური.
მისი განცხადებით, იგეგება ორაგულის ფილეს დამზადება, ასევე შებოლილი თევზის წარმოება, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, „გურია ფიშის“ ბრენდით გაიყიდება.
„საწარმო ლოკალურად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იქნება, ჩვენს ფერმასთან 5-6 კილომეტრში,“ - აცხადებს ჩხაიძე.
მისივე განცხადებით, გურიაში წარმოებული ნორვეგიული ორგული ექსპორტზე 2023 წლიდან მასობრივად გავა. განიხილება აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის და საუდის არაბეთის ქვეყნები. კომპანიისთვის ერთ-ერთ საინტერესო ბაზრად იაპონიას მოიზარებენ.
წარმოების დაახლოებით 15% ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
„სურვილი ბევრს აქვს, თუმცა, ამას თავისი პროცედურა აქვს, სტანდარტში უნდა მოვიყვანოთ, ავიღოთ შესაბამისი სერტიფიკატები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება კონკრეტული მოლაპარაკებები,“ - აცხადებს ჩხაიძე.
რაც შეეხება წარმადობას, 5 წლიან პერიოდში კომპანია წელიწადში 10 000 ტონა ორგულის წარმოებას გეგმავს. საწყისი ეტაპისთვის წელს 700 ტონა ორგულის წარმოებას შეძლებს, მომავალ წელს კი წლიური წარმადობა 2 500 ტონა იქნება.
„10 000 ტონა წლიური წარმადობა საქართველოსთვის ბევრია, მაგრამ ყაზახეთისთვის, სომხეთისთვის თუ ემირატებისთვის ეს რაოდენობა არაფერი. საქართველო ბაზრის მოხმარება ორაგულზე წელიწადში დაახლოებით 1000-1500 ტონაა,“ - აცხადებს ჩხაიძე.
პროექტი ითვალისწინებს თევზის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას წყლის რეზერვუარებში. რეზერვუარები სპეციალური მილის საშუალებით შავი ზღვის წყლით მარაგდება.
როგორც ჩხაიძე აცხადებს, წარმოების მასშტაბი საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოების ნორვეგიული ორაგული მიაწოდოს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზრებს, თავად კომპანია კი ორაგულის ქვირითის შესყიდვას ნორვეგიიდან ახორციელებს.
შეგახსენებთ, საწარმო გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.