ბიზნესი
21/12/2021

გუდაური ლოჯი: ვინც დასვენებაში თანხას იხდის,ურჩევნია "მწვანე პასპორტები" მოქმედებდეს

კურორტი გუდაური ზამთრის სეზონის შესახვედრად ემზადება.

სასტუმრო „გუდაური ლოჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა დუჩიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო გახსნილია და სტუმრებს აქტიურად იღებს.

მისი ინფორმაცით, დამსვენებლების ძირითადი კატეგორია მაინც უცხოელი ტურისტია, მათ შორის, უკრაინიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, თუმცა,  კურორტზე მოსულმა თოვლმა ადგილობრივი დამვენებლების მხრიდან მოთხოვნა გაზარდა.

ეკა დუჩიძე „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების მექანიზმზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სასტუმროს ეს მექანიზმი მთავრობის გადაწყვეტილებამდეც  ამოქმედებული ჰქონდა.

„როგორც ევროპაში, ისევე ჩვენთან უნდ იყოს ეს პრაქტიკა მიღებული, რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. აქტივობისთვის „მწვანე პასპორტს“ ხელი არ შეუშლია, ის სეგმენტი, რომელიც ამხელა თანხას იხდის და დასასვენებლად, მით უმეტეს ზამთრის კურორტზე მიდის და დღის მეორე ნახევარში ძირითადად, შიდა სივრცეში ჩერდება, ხვდება, რომ მათი უსაფრთხოებისთვის  ჯობს ან აიცრან ან PCR ტესტი გაიკეთონ. ადგილზე გვყავს ლაბორატორიაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გვემსახურება,“ - აცხადებს დუჩიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა:კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების  ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.