ბიზნესი
20/12/2021

გუდ ჩოისი: რესტორანში შემომსვლელთა რაოდენობა განახევრდა

ბურგერის რესტორანი „გუდ ჩოისის“ მენეჯერი პაატა გოგოხია „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედების გავლენაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ რესტორნებში გაყიდვებმა იკლო, თუმცა, ამის დაბალანსებას მენეჯმენტი სხვადასხვა აქტივობით ახერხებს, მათ შორისაა უფასო მიწოდება და სხვა.

„როდესაც მოდის 5-6 ადამიანი და აქედან 2-ს არ აქვს „მწვანე  პასპორტი“, გვიწევს მათი უკან  გაბრუნება. ვერ ვიტყვი, რომ როგორც ვმუშაობდით, ისე ვაგრძელებთ. ადგილზე მომსვლელთა რიცხვი თითქმის განახევრდა. როდესაც აქციაა და გატანაა, ამ შემთხვევაში ნორმალური სიტუაციაა,“ - აცხადებს გოგოხია.

მისივე განცხადებით, ამჟამად „გუდ ჩოისი“ თბილისის მასშტაბით 3 ფილიალით მუშაობს.

შეგახსენებთ, საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა:კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების  ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში,სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.